საქართველო რუსეთს ურთიერთობების “ახალ მექანიზმებს“ სთავაზობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის ინიციატივა დააყენა, რაც ორ ქვეყანას შორის “ახალი ურთიერთობების მექანიზმის“ ნაწილი გახდება.


“დროა, რუსეთმა და საქართველომ თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყონ მათი საერთო მტრის [ტერორიზმის] დამარცხების მიზნით“, განაცხადა სააკაშვილმა 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.


“ახალი ურთიერთობები ითვალისწინებს ჩვენი რესურსების და მცდელობების მიმართვას ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შესაქმნელად. ეს გულისხმობს საზღვის ერთობლივ პატრულირებას რუსეთ-საქართველოს მთლიან პერიმეტრზე“, აღნიშნა პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამგვარი მცდელობა მოითხოვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, დაზვერვას და ნდობის დიდ ხარისხს – “ყველაფერ ამისათვის საქართველო მზადაა“.


“უნდობლობის აღმოფხვრის მიზნით, რაც ხშირად აფერხებს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას, ჩვენი ინიციატივაა ორ ქვეყანას შორის ერთობლივი ორგანოების მეშვეობით დიალოგის ფორმატის ხელშეწყობა, სადაც ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი ორმხრივი და საკამათო საკითხების განხილვა“, დასძინა სააკაშვილმა.


მისი თქმით, რუსეთმა და საქართველომ ერთობლივად უნდა განიხილონ საკითხები, როგორიცაა საქართველოში მცხოვრები რუსი მოქალაქეების უფლებები, “რადგანაც საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ არ იგრძოს თავი დაუცველად“.


სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მაცხოვრებელთა უმეტესობა ამჟამად რუსეთის მოქალაქეები არიან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)