რუსი დეპუტატი: სამხედრო წვრთნები სამხრეთ ოსეთში დაძაბულობას ამწვავებს








სამსაათიანი წვრთნები კონფლიქტის ზონის მახლო-
ბლად უშიშროების მინისტრისა და შინაგანი ჯარის
სარდალის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა

რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ იმ ტიპის სამხედრო წვრთნები, რომელსაც საქართველოს შინაგანი ჯარი გორის მახლობლად ატარებს, კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში.


შინაგანი ჯარის 500-მდე ჯარისკაცმა გორის რაიონის სოფელ არაშენდაში გეგმიური წვრთნები გამართა, სადაც გამოყენებული იყო როგორც ავიაცია, ისე არტილერია. სავარაუდოდ, ის ჯარისკაცები, რომლებმაც წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა, ჩაენაცვლებიან ქართველ სამშვიდობოებს, რომლებიც შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში კონფლიქტის ზონაში არიან განლაგებულნი.


რუსი დეპუტატის ანდრეი კოკოშინის თქმით, არ იყო საჭირო ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარება იმ ჯარების მიერ, რომლებმაც სამშვიდობო ოპერაციები უნდა განახორციელონ რეგიონში.


“ამგვარი წვრთნები შეიძლება შეფასდეს, როგორც მზადება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარებისთვის“, განაცხადა რუსმა დეპუტატმა.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)