ცხინვალის რეგიონი აგვისტოს მოვლენების განმეორების საფრთხის წინაშე
![]() |
| თბილისი მოუწოდებს რუს სამშვიდობოებს შეი- ნარჩუნოს მშვიდობა ცხინვალის რეგიონში. |
საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის სხდომა კონფლიქტის ზონაში არსებული მძიმე ვითარების განხილვით დაიწყო. დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა ოსი სეპარატისტების მხრიდან ქართველ მოსახლეობაზე ზეწოლისა და ქვეყანაში დამატებით 25 ათასი დევნილის შესაძლო გაჩენის თაობაზე გააკეთა განცხადება და აქვე დასძინა, რომ პატარა ლიახვის ხეობის 5 სოფლის საკრებულოების და სკოლების შენობებიდან სეპარატისტების ზეწოლის შედეგად ჩამოხსნილია საქართველოს სახელმწიფო დროშები.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ეროვნული სიმბოლიკის – ქართული დროშის შებღალვას. ნინო ბურჯანაძემ რეგიონში მყოფი რუსი სამშვიდობოებისგან დაძაბული ვითარების დარეგულირება მოითხოვა, “წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქ ყოფნას აზრი ეკარგება”, განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონში ინტენსიური სროლების და ქართული სოფლების დაბომბვის ფაქტი მოსახლეობის დაშინების და ქართული მხარის კონფლიქტში ჩართვის მცდელობად შეაფასა.
დეპუტატ გურამ ვახტანგაშვილის განცხადებით, ოსური შეიარაღებული ფორმირებები ამჟამად იმ სტრატეგიულ სიმაღლეებს აკონტროლებენ, რომლებიც ქართულმა სამხედრო შენაერთებმა აგვისტოში დატოვეს. როგორც ცნობილია, აგვისტოში მხარეებს შორის განახლებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას 18 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეების დაკავება მოჰყვა. ამ სიმაღლეებზე კონტროლი, რომელიც როგორც ცხინვალს, ასევე კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებს გადაჰყურებს, მეორე დღესვე გადაეცა ერთობლივ სამშვიდობო ძალებს.
ცხინვალის რეგიონში განლაგებული ქართველი სამშვიდობოების და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოსური პოზიციებიდან ინტენსიური სროლები ხორციელდება ქართული სოფლების აჩაბეთისა და თამარაშენის მიმართულებით. მოსახლეობა სროლების შეწყვეტის მოთხოვნით უკვე მეორედ (პირველად 20 ოქტომბერს) საპროტესტო აქციას მართავს. 25 ოქტომბერს მათ ჯავა-ცხინვალის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ოსურ მხარეს გატაცებული ჰყავდა სოფელ აჩაბეთის მკვიდრი ვანო ბაბუციძე, რომელიც სახლში ნაცემი დაბრუნდა. ბაბუციძისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების ამსახველი კადრები 25 ოქტომბერს ქართულმა ტელეარხებმა გაავრცელეს. თუმცა 26 ოქტომბერს ოსურმა მხარემ ამ ინფორმაციას “გამოგონილი“ უწოდა. თვითაღიარებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელი აჩაბეთი “უკანონო ქართული შეიარაღებული დაჯგუფებების კონტროლ ქვეშ იმყოფება და იქიდან ოსების მიერ ადამიანის გატაცება შეუძლებელია”.
26 ოქტომბერს, ოსურმა მხარემ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართულ სოფელ თამარაშენიდან ყუმბარმტყორცნებიდან და წვრილკალიბრიანი ნაღმტყორცნებიდან ნახევარი საათის განმავლობაში ცხინვალის ჩრიდილოეთ ნაწილი იბომბებოდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შიდა ქართლის რწმუნებული მიხეილ ქარელი რეგიონში ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს აკისრებს. საპროტესტო აქციაზე მისულმა მიხეილ ქარელმა ახლადდანიშნული რუსი გენერლის კონფლიქტის ზონიდან გაწვევა მოითხოვა.
25 ოქტომბერს ვითარების გაკონტროლების მიზნით შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში მიღებული იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება სოფელ კვერნეთთან და ცხინვალის სიახლოვეს დასახლება ტექსტელთან დამატებით საგუშაგოების გახსნის თაობაზე. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე კიკნაძემ აცნობა.
ამის მიუხედავად სროლები რეგიონში 26 ოქტომბერსაც გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, სროლებს რეგიონში ყოველდღიური ხასიათი აქვს. “სეპარატისტების მხრიდან კონფლიქტში ჩვენი ჩათრევის მცდელობას აქვს ადგილი”, განაცხადა ბარამიძემ.
“დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ დაიწყოს ფართომაშტაბიანი კონფლიქტი. ამავდროულად საქართველოს აქვს საკუთარი გეგმა, რათა წინ, კონფლიქტის მოგვარებისკენ გადაიდგას ნაბიჯები”, დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა სამხრეთ ოსეთში საკმაოდ ჰგავს მიმდინარე წლის ივნის–ივლისში შექმნილ ვითარებას, როდესაც მხარეები გამუდმებით ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში. საბოლოო ჯამში კი ეს ვითარება აგვისტოში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.
