საქართველოს სამხრეთ ოსური პრიორიტეტები
![]() |
გოგა ხაინდრავა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის |
მისი თქმით, ამჟამად ნომერ პირველ პრიორიტეტს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია წარმოადგენს; დემილიტარიზაციას მოჰყვება ეკონომიკური რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრა.
გოგა ხაინდრავამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში ქართული მხარის პრიორიტეტებზე 27 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც “ ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს “ და “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.
განიარაღება
გოგა ხაინდრავას თქმით, დემილიტარიზაციის თვალსაზრისით, ქართული მხარე მოითხოვს რეგიონში არსებული შეიარაღების “ლოკალიზებას“ და კონფლიქტის ზონაში იარაღის შემდგომი შემოდინების აღკვეთას.
“საჭიროა სამხრეთ ოსეთის მხარის კუთვნილებაში არსებული შეიარაღების ერთ ადგილზე – რუსეთის სამშვიდობო ძალების ბაზაზე შენახვა, რასაც ეუთოს დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს… [კონფლიქტის მხარეების მიერ ხელმოწერილი] არსებული შეთანხმებების თანახმად, სამხრეთ ოსეთის მხარეს აქვს უფლება იყოლიოს მხოლოდ პოლიციური ძალები“, აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.
“ამგვარად, ჩვენ მოვითხოვთ კონფლიქტის ზონაში არსებული ნებისმიერი ტიპის უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაციას. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება შერეულ სამშვიდობო ძალებს და პოლიციას. თუმცა, შემცირდება პოლიციელთა რაოდენობა და მათი რიცხოვნობისა და გვარების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება კონფლიქტში ჩართული ნებისმიერი მხარისათვის. ამგვარად, ჩვენ განვასხვავებთ, თუ ვინ არის პოლიციელი და ვინ წარმოადგენს არასანქცირებულ ძალას“, განაცხადა ხაინდრავამ.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, 1,500-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი (რომელიც ქართული, რუსული და ოსური მხარეებიდან 500-500 ჯარისკაცს აერთიანებს) სავსებით საკმარისია შეიარაღებული კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად.
ხაინდრავას განცხადებით, ის სტრატეგიული სიმაღლეები, რომლებიც ცხინვალს და მის გარშემო მდებარე ქართულ სოფლებს გადმოჰყურებს, კვლავ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ხელშია.
“სამხედრო გამაგრებები დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ამ სიმაღლეებზე, როგორც ეს მოსკოვში იქნა შეთანხმებული [შერეული საკონტროლო კომისიის 30 სექტემბრის-2 ოქტომბრის სხდომაზე] … ასევე დაჟინებით მოვითხოვთ კონფლიქტის ზონის განაღმვას“, დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
“ყველა ზემოთ აღმიშნული საკითხი ჩვენთვის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს. თუ ყველა ეს პირობა განხორციელდება, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, როგორც ქართულს, ასევე ოსურს, საშუალება მიეცემა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ამ გზაზე დემილიტარიზაცია პირველი ნაბიჯი უნდა იყოს“, აღნიშნა მან.
ეკონომიკური რეაბილიტაცია
მეორე მნიშვნელოვან ამოცანად გოგა ხაინდრავამ რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაცია დაასახელა.
“როგორც ცნობილია, ცხინვალის რეგიონში რეაბილიტაციის პროექტებს ევროკავშირი აფინანსებს. ამჟამინდელი დაფინანსება 2,5 მილიონ ევროს შეადგენს. მომავალი წლიდან კი ევროკავშირი 2 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს. ასევე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, განიხილება 4 მილიონი ევროს დახმარების საკითხიც“, აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
გოგა ხაინდრავას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას შექმნას ფონდები რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით.
“საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს თანხებს სამხრეთ ოსეთში სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად. ამ სახსრების გამოყოფა რუსეთ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ვიმედოვნებთ, რომ ამ მხრივ რუსეთიც შეასრულებს თავის ვალდებულებას. თუ შევაჯამებთ ყველა ამ თანხას [უცხოურ და ქართულ დაფინანსებას] რეგიონის ეკონომიკური განვითარების რეალური პერსპექტივა ჩნდება, რაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ეკონომიკური პროექტების მეორე მიმართულება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში მოღვაწე კომპანიებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას გულისხმობს.
“ჩვენ მზად ვართ გარკვეული პრივილეგიები მივანიჭოთ სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ კომპანიებს ქართულ პორტებსა და გზებზე, რაც რუსეთის, კერძოდ ჩრდილოეთ ოსეთის, ინტერესებშიც შედის. ეს საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთში მოქმედ ფირმებს თავიანთი საქმიანობის ლეგალიზება მოახდინონ“, აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ხაინდრავას განცხადებით, იგი ორჯერ ეწვია ვლადიკავკაზს, სადაც შეხვდა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ძასოხოვს. “მინდა განვაცხადო, რომ ჩრდილოეთ ოსეთის გავლენა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაზე უზარმაზარია. სამხრეთ ოსეთის მხარე არანაირ ნაბიჯებს არ დგამს ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, ასევე მოსკოვთან კონსულტაციების გარეშე. თუმცა, ხშირად ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობის პოზიცია არ ემთხვევა კრემლის პოზიციას“.
გოგა ხაინდრავას თქმით, მან ასევე განიხილა სავიჟო რეჟიმის მოხსნის შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის იმ მაცხოვრებელთათვის, ვისაც ჩრდილოეთ ოსეთში წასვლა სურთ და პირიქით. ანალოგიური რეჟიმი უკვე არსებობს ყაზბეგის რაიონის ქართული მოსახლეობისათვის, რომელთაც ჩრდილოეთ ოსეთში წასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.
პოლიტიკური დარეგულირება
სახელმწიფო მინისტრის თქმით, მესამე ნაბიჯი, რომლის განხორციელებაც მხოლოდ პირველი ორის შესრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი, კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებაა, რაც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.
ხაინდრავას თქმით, საქართველო მზად არის “უდიდესი კომპრომისისთვის“, რაც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთისთვის ისეთი ავტონომიის მინიჭებას, როგორიც ჩრდილოეთ ოსეთს აქვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
ჩრდილოეთ ოსეთის კონსტიტუციის თანახმად, რეგიონს ჰყავს საკუთარი პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა. ჩრდილოეთ ოსეთი დამოუკიდებლად აგვარებს საშინაო საქმეებს, მაშინ როცა საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა და საზღვრის დაცვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების პრეროგატივაა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰეიკი ტალვიტიემ 27 ოქტომბერს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის საქმეში.
