საქართველო გმობს რუსეთის ჩარევას თვითგამოცხადებული აფხაზეთის საქმეებში

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო შეშფოთებულია რუსეთის აქტიური ჩარევის გამო თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებში.


“რა თქმა უნდა, ჩვენ შევშფოთდით, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის [მაშინდელ] პრემიერ-მინისტრს [პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატს] რაულ ხაჯიმბას შეხვდა [სოჭში 29 აგვისტოს]. წარმოგიდგენიათ რუსეთის რეაქცია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი [ჩეჩნეთის მეამბოხე ლიდერს] ასლან მასხადოვს რომ შეხვედროდა?“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ამჟამად, პრეზიდენტის ორივე კანდიდატი რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში მოსკოვში იმყოფებიან, სადაც კონსულტაციებს მართავენ რეგიონში არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით.


“აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის ბედი მოსკოვში გადაწყდება. ამიტომაც, იმყოფება ორივე მათგანი ახლა აქ [მოსკოვში]“, განაცხადა მოსკოვში ვიზიტის დროს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 2 ნოემბერს.


რადიოსადგურ “ეხო მოსკვი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ მოსკოვს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაში დასდო ბრალი. მისი თქმით, მოსკოვი ებრძვის სეპარატიზმს თავის ტერიტორიაზე ჩეჩნეთში, მაშინ როცა მხარს უჭერს სეპარატისტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 

This post is also available in: English (ინგლისური)