აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი თბილისის “ძალისმიერი ინტერვენციის” თაობაზე საუბრობს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ “შესაძლოა გამოიყენოს აფხაზეთში არსებული მდგომარეობა და აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემა ძალისმიერი მეთოდით გადაწყვიტოს“.


“სწორედ ამ მიზეზის გამო არიან აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში, და არა არსებული სიტუაციის გამო. აფხაზური არმია არ ჩაერევა შიდა საქმეებში“, აცხადებს “ინტერფაქსი“ 13 ნოემბერს ხაშბას სიტყვებზე დაყრდნობით.


ამავდროულად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პროტესტს გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გამო.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ “შესაბამის ზომებს მიიღებს აფხაზეთში თავისი ინტერესების დასაცავად“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)