ძასოხოვი ხელსაყრელი ეკონომიკური ზონის შექმნის ინიციატივით გამოდის
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძასოხოვმა 20 ნოემბერს ვლადიკავკაზში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში “ხელსაყრელი ეკონომიკური ზონის“ შექმნა ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას, აცხადებს “რია ნოვოსტი“.
“ჩრდილოეთის მხრიდან, ყველაზე ხელსაყრელი ეკონომიკური ზონის საზღვარი შესაძლოა ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონზე გავიდეს, ხოლო სამხრეთის მხრიდან – გორის რაიონზე“, განაცხადა ძასოხოვმა.
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ფოთის პორტის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
აგვისტოს ბოლოს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის გარკვეული ეკონომიკური პრივილეგიები მიანიჭოს იმ კომპანიებს, რომლებიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში მოღვაწეობენ.
“ჩვენ მზად ვართ გარკვეული პრივილეგიები მივანიჭოთ სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ კომპანიებს ქართულ პორტებსა და გზებზე. ეს რუსეთის, კერძოდ ჩრდილოეთ ოსეთის, ინტერესებშიც შედის. ეს საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთში მოქმედ ფირმებს თავიანთი საქმიანობის ლეგალიზება მოახდინონ“, განაცხადა 27 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)