აფხაზეთის უხუცესთა საბჭომ ბაღაფშის გამარჯვება აღიარა

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უხუცესთა საბჭომ ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა.    


“ის კანდიდატი უნდა გახდეს პრეზიდენტი, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში, ხოლო იმ კანდიდატმა, რომელმაც ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვა, პრეზიდენტის გუნდში უნდა იმუშავოს“, აცხადებს “აფსნიპრესი“ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის პაველ აძინბას სიტყვებზე დაყრდნობით.


უხუცესთა საბჭო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება.  


ამავდროულად, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი უკომპრომისო პოზიციას ინარჩუნებს. სერგეი ბაღაფში თვლის, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა და 6 დეკემბრის ინაუგურაციისთვის ემზადება. სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა კი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.     



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)