ალიევი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს მიესალმება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ლონდონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელება “წარმატებულად“ მიმდინარეობს, მიუხედავად “გარკვეული შეფერხებებისა“, აცხადებს “რია ნოვოსტი“.


“ეს პროექტი წარმოადგენს რეგიონალურ, ასევე ორმხრივ დონეზე თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს. პროექტი დაეხმარა [პროექტში მონაწილე] ქვეყნების, ასევე მთელი რეგიონის განვითარებას“, განაცხადა ილჰამ ალიევმა.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2005 წლის მარტში დასრულდება. ნავთობსადენით მოხდება აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში, ჯეიჰანის პორტში და შემდეგ დასავლეთის ბაზრებზე.


აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ნავთობსადენის მშენებლობის ხარჯები დაგეგმილ ბიუჯეტს გადააჭარბებს და დაახლოებით 4 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც თავდაპირველ ბიუჯეტს 350-400 მილიონით აღემატება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)