ოპოზიცია საზღვაო სანაოსნოს “ფარულ” პრივატიზებას აპროტესტებს
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კომპანია “ოუშენ შიფინგის” პირდაპირი წესით პრივატიზაციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობამ, კერძოდ კი ზურაბ ჟვანიამ წინასწარი შეთანხმება გააფორმა კომპანია “გრინოუქ გრუფთან”, კომპანიის 107 მლნ აშშ დოლარად გაყიდვის თაობაზე.
“სპეციალისტები ამბობენ, რომ სანაოსნო ათეული მილიონით უფრო მეტი ღირს ვიდრე მის გაყიდვას აპირებენ, სანაოსნოს გაყიდვა ასლან აბაშიძემ [აჭარის ყოფილმა ლიდერმა] დაიწყო, რომელსაც ახლო კავშირები ჰქონდა [“გრინოუქ გრუფის” წარმომადგენელთან იან ბონდე] ნილსენთან და რომელმაც პირადი მოგება ნახა ამ საქმიდან. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ თუ ირიბად ასლან აბაშიძის ინტერესებიც იყოს”, განაცხადა რესპუბლიკელმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელმაც “გრინოუქ გრუფთან” გაფორმებულ შეთანხმებას “ყველაზე მასშტაბური” საპრივატიზაციო გარიგება უწოდა, 18 დეკემბერს განაცხადა, რომ “სულ რაღაც სამი თვის წინ საზღვაო სანაოსნოში სხვა ინვესტორები 30 მილიონ აშშ დოლარს გვთავაზობდნენ, თუმცა ჩვენ დაცდა ვარჩიეთ“.
“პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და ამის შესახებ დეპუტატებს სრული ინფორმაცია უნდა გვქონდეს, მითუმეტეს, რომ სანაოსნო ბოლო წლებში ერთ-ერთ მომგებიან სახელმწიფო კომპანიად იქცა; ამ საეჭვო გარიგების შესახებ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გარეშე ვერ მიიღებდა”, განაცხადა “მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერმა დავით გამყრელიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
დღესვე დეპუტატებს პასუხი გასცა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და განაცხადა, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და 27 დეკემბრამდე გასტანს, რადგან “საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის, ვინაიდან 27 დეკემბერს იწურება ის ვადა, როცა სანაოსნოს შეძენის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ”, აცხადებს ფინანსთა მინისტრი და აქვე დასძენს, “თუკი ამ დრომდე გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც უფრო მეტს გადაიხდის, მაშინ კომპანიის გაყიდვა მის სასარგებლოდ გადაწყდება”.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 22 დეკემბრისათვის დეპუტატებს გააცნობს ყველა იმ მასალას, რომელიც “ოუშენ შიფინგის” პრივატიზაციასთან არის დაკავშირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)