პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვის სრული ტექსტი
პრეზიდენტ სააკაშვილის 29 დეკემბრის სატელევიზიო მიმართვა, რომელშიც მან 2004 წლის მიღწევებზე ისაუბრა.
„ყველაზე წარმატებული წელი“
დღეს არის ბოლო დღე, როცა შანსი გვაქვს ვილაპარაკოთ გლობალურ პოლიტიკურ საკითხებზე.
მე ორიოდ სიტყვით შევაჯამებ წლევანდელი წლის მთავარ მომენტებს.
მე ვფიქრობ, რომ წელს პირველად, საქართველომ თავის დამოუკიდებლობის შემდეგ, დაიწყო ჩამოყალიბება როგორც სახელმწიფომ.
სახელმწიფოს აქვს რამდენიმე ატრიბუტი. წელს პირველად საქართველოს გაუჩნდა სახელმწიფო აპარატი, რომელიც ემსახურება არა კერძო ინტერესებს, არამედ ხალხს და საზოგადოებას.
ეს იზომება ძალიან მარტივად. ადრე სახელმწიფო არ უხდიდა თავის მოხელეებს იმდენ ხელფასს, რომ მათ არ ეზრუნათ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე.
ოფიცერი იღებდა 50 ლარიან ხელფასს, პოლიციელი 60 ლარს. 50 ლარიან ჯარისკაცს ვერ მოთხოვ თავგანწირვას სამშობლოსათვის. ვერ მოთხოვ 60 ლარიან პოლიციელს, რომ ქრთამი არ აიღოს (მაშინ როცა ამ 60 ლარს ვერც კი იღებდა.)
ვერ მოთხოვ 100 ლარიან მებაჟეს, რომ ყოველ დღე იაროს სამსახურში და არ ჩაიდოს ჯიბეში ფული. წელს ჩვენ პირველად მივეცით ამ სამსახურებს იმდენი ხელფასი, რომელიც აღემატება იმას, რისი გაკეთბაც შეეძლოთ მათ ქრთამებით.
ვაიძულეთ ისინი ემუშავათ ხალხისათვის და საზოგადოების ინტერესებისათვის. ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლოების პატივისცემა. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ახალი დროშა და ახალი ჰიმნი, არამედ ამ ჰიმნის სიმღერა ისწავლა უკლებლივ ყველა სკოლის მოსწავლემ.
ხალხს შეუყვარდა ჰიმნი. მე გუშინ ვიყავი ახალქალაქში, სადაც იყო ძალიან ამაღელვებელი სცენა, თუ როგორ ცდილობდნენ სომეხი ბავშვები, ჩვენი მოქალაქეები საქართველოს ჰიმნის შესრულებას და როგორ გაბადრულები უსმენდნენ ჩვენ ჰიმნს.
ასეთი რამე ადრე იყო წარმოუდგენელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი სახელმწიმფოებრივი მენტალიტეტი ყალიბდება საქართველოში. ჩვენ სერიოზულად გავიძლიერეთ ქვეყნის შიგნით პოზიციები.
აჭარა – 2004 წლის მთავარი მოვლენა
აჭარა იყო წლევანდელი წლის მთავარი მოვლენა. მე ისიც მომისმენია, რომ სვავენ კითხვას – რა შეიცვალაო აჭარაში? აჭარასთან დაკავშირებით საქარველოსთვის წელს შეიცვალა ყველათფერი.
აჭარა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ დღეს არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია.
ჰყავდა თავის შეიარაღებული ძალები, რომლებიც მზად იყვნენ ეომათ საქართველოსთან.
ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით სისხლისღვრის გარეშე. ეს იყო ისტორიული გარემოება, რომელიც ჩვენ გაგვყვება ათწლეულების განმავლობაში.
საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერაბა
ჩვენ მკვეთრად გავიძლიერეთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, კიდევ მრავალი წელი იქნება კამათი იმაზე, თუ რას ნიშნავს უკრაინის მოვლენები საქართველოსათვის.
შარშანდელი ჩვენი რევოლუცია ჩვენ განსაკუთრებულ ვითარებაში გვაყენებს, მაგრამ ის დარჩებოდა იზოლირებულ მოვლენად, რომელიც არ მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ მკვეთრად წინ წავსულიყავით, თუ არა ის მოვლენები, რომლებიც მოხდა უკრაინაში.
უკრანის რევოლუციაში ქართული ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, რაზეც თავად უკრაინის ლიდერები საუბრობდნენ, მაგრამ უკრაინამ მოგვიტანა ჩვენ გეოპოლიტიკური რევოლუცია.
პრაქტიკულად საქართველო აღარ არის იზოლაციაში, გაჩნდა მოკავშირე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც წინ მიდის ევროინტეგრაციის გზით და რომელიც არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი ჩვენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროგრესში.
იმ პირობებში, როცა თურქეთმაც დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირის წევრობაზე, პრაქტიკულად ევროპის ამ ორგანიზაციის საზღვრები ძალიან ახლოს ინაცვლებს საქართველოსთან, რაც სრულიად ახალი პერსპექტივების მომცემია ჩვენთვის საერთაშორისო პლანში.
გარდა ამის, საქართველოს ავტორიტეტი ზოგადად გაიზარდა. იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ჩვენს საელჩოს გადასცეს პრემია საქარველოს პრეზიდენტისათვის, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვინ მოახდინა ყველაზე მეტი გავლენა ევროკავშირის პოლიტიკაზე ევროკავშირის გარეთ მდგომ პირთაგან.
მე ტრაბახად ამას არ ვამბობ, ვინაიდან ამას პიროვნულად არ ვიღებ. ეს ეხება საქართველოს როლს, საქართველოს ფუნქციას, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ იმის გათვალისწინება რამდენად პატარაა ჩვენი ქვეყანა, რამდენად უმნიშვნელო იყო იგი აქამდე საერთაშორიო პოლიტიკაში.
კი გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყნის ჯიბე ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ეს არის უპრეცენდენტო მოვლენა, რომ საქართველოზე დღეს ყველა ლაპარაკობს, ლაპარაკობდნენ ჩვენი მოვლენების გამო, ლაპარაკობდნენ უკრაინის მოვლენების გამო და მუდმივად საქართველო ფიგურირებს საერთაშორისო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, ასეთი რამ არ ყოფილა გადაჭარბების გარეშე, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში.
აი ეს არის ის, რასაც ჩვენ წელს მივაღწიეთ.
2005 წლის გეგმები
რა იქნება მომავლ წელს მთავარი ჩვენთვის. მომავალ წელს ჩვენ მკვეთრად უნდა გავააქტიუროთ ეკონომიკური აღმშენებლობითი პროექტები.
ჩვენ ვიწყებთ ინფრასტრუქტურის სერიოზულ მშენებლობას.
როცა ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ეკონომიკა არ არსებობს ინფრასტრუქტურის გარეშე.
ეს არის პირველ რიგში გზების მშენებლობა. დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში თითქმის არ მიმდინარეობს გზების მშენებლობა.
ჩვენ მთლიანდ მოვაწესრიგებთ ძირითად გზებს თბილისის შიგნით. ძირითად გზებს ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.
ჩვენ მომავალ წელს ავაშენებთ დიდ გზას ზუგდიდი-ჩხოროწყუ-წალენჯიხა-სენაკი, ეს არის 91 კილომეტრი, 23 ნოემბერს ეს გაიხსნება.
მომავალი წლიდან იმედია ჩვენ დავიწყებთ დიდი პროექტის თბილისი-ახალქალაქი-ყარსის გზის მშენებლობას ეს არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი პროექტი, იმიტომ რომ ის პრაქტიკულად მოახდენს ჯავახეთის მთლიან ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში, რაც არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავლისათვის.
ჩვენ პირველ სამუშაოებს ჩავატარებთ იმისათვის, რათა მომავალში დაიწყოს მშენებლობა ავტობანის, დიდი ავტოსტრადის, რომელმაც მომავალში უნდა მიგვიყვანოს თბილისიდან ბათუმამდე და საზღვრამდე, პირველ ეტაპზე ეს უნდა იყოს თბილისი – ხაშური. მომავალ წელს ამ მშენელობისათვის მზადება დაიწყება.
თბილისში იქნება ახალი საერთაშორიო აეროპორტი, რომელიც ასევე 23 ნოემბერს გაიხსნება.
მომავალ წელს ყველა დიდი ავიაკომპანია მსოფლიოში თითქმის ყოველდღიურად იფრენს თბილისში.
როცა მე მოვედი ხელისუფლებაში, არ დაფრინავდა არცერთი. მომავალ წელს არ იქნება არცერთი დიდი ავიაკომპანია, რომელიც არ იფრენს თბილისში.
ეს ნიშნავს ტურიზმს, ეს ნიშნავს ვაჭრობას, ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისათვის სერიოზული სტიმულის შექმნას.
მომავალ წელს ჩვენ ბიუჯეტი გვექნება სამნახევარჯერ მეტი, ვიდრე გვქონდა შარშან.
ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები პოლიციის, განათლების სფეროებში, რომელიც მომავლ წელს მიიღებს ფართო ხასიათს.
ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო რეფორმაც. ერთი სიტყვით, საქართველო თვალსა და ხელს შუა იცვლება.
რა თქმა უნდა მოლოდინი ყოველთვის არის უფრო მეტი, ვიდრე ის ცვლილებები რაც ხდება.
მაგრამ მე არ ვიცი სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც განეცადა ასეთი სწრაფი და ასეთი შეუქცევადი ცვლილებები ვიდრე განიცადა წელს საქართველომ.
რა თქმა უნდა ძალიან ბევრია სამუშაო. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიციელი მებაჟე და კანცელარიის თანამშრომელი იღებს მაღალ ხელფასს, ეს არ ნიშნავს, რომ პენსიონრებს უკეთესი ცხოვრება აქვთ. თუნდაც ის, რომ პენსიები ორმაგდება, ეს არ წყვეტს პრობლემებს.
ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩვენი საბოლოო წარმატება არის მაშინ, როცა პენსიონერს ექნება საარსებო მინიმუმი, როცა მასწავლებელს ექნება იმდენივე, რამდენიც აქვს პოლიციელს. ამას დასჭირდება დრო.
ეს არ იქნება 2-3 წლის განმავლობაში, ამას სჭირდება გარკვეული სერიოზული მუშაობა.
მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ ფართომაშტაბიან პრივატიზაციას და პრივატიზაციის ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ჩაიდება თავდაცვის სტრუქტურაში და ჩაიდება სოციალური პროექტების განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.
ახალი საგადასახადო კოდექსი, ფინანსური ამნისტია
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო კოდექსი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები არის მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შავი ზღვის აუზში.
ეხლა ჩვენმა ბიზნესმა უნდა ისწვალოს ამის გამოყენება. უნდა გაანძრიონ ხელი, პირში ლუკმას არავინ არ ჩაუდებს. უნდა ვისწვალოთ მუშაობა.
ფორმების შეკვეთას ვაძლევთ შეიარაღებული ძალებისათვის, მადლობა ღმერთს ჯარში ყველას აცვია ფორმა. ამას წინათ მეცინებოდა, როცა ჯარისკაცები გაიფიცნენ სამარცხვინოდ, როგორი კარგი ფორმა ეცვათ ამერიკული. ეს ფორმა არის ამერიკული და თურქული.
რამდენჯერ ვცადეთ შეკერვა საქართველოში იმდენი არ გამოვიდა, მივეცით ფული, წავიდნენ თურქეთში და მოგვასაღეს თავის შეკერილად. ამის კეთება უნდა ვისწავლოთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება.
ღვინის ბაზარზე უნდა ვისწავლოთ გასვლა. დღესდღეობით, ერთადერთი ფირმა, რომელიც გადის ღვინის ბაზარზე არის „ჯი-ვი-ესი“, რომელიც ბრწყინვალედ ართმევს ამას თავს.
ევროპაში დავდივარ გასტრონომებში (ზოგიერთ თქვენგანთან ერთადაც ვარ შესული) და „ჯი-ვი-ესის“ გარდა არცერთი სხვა ფირმა არ არის წარმოდგენილი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ საგადასახადო კოდექსით ბევრად უკეთ მუშაობა.
ჩვენ ვაპატიეთ ხალხს ძველი გადასახადები, საზეიმოდ ვაპირებთ შარშანდელი და წინა წლების საგადასახადო დოკუმენტების განადგურებას, იმიტომ, რომ წინა მთავრობა ყველა ბიზნესმენს აქცევდა დამნაშავედ. ეუბნებოდა, რომ ყურებით მყავხარ დაჭერილი, არ მომცემ ქრთამს და არ იქნები ლოიალური, როცა მინდა მაშინ შევძლებ გაგანადგურო.
ჩვენ არ ვაპატიეთ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. ამნისტია მათზე არ გავრცელდა, იმიტომ რომ მათ შექმნეს კორუფციის ეს სისტემა და არა მგონია მათზე კეთილგანწყობა უნდა გამოგვეჩინა, მაგრამ მათი მსხვერპლი დღეს კანონის ფარგლებშია დაბრუნებული.
ვეუბნებით აქამდე, რაც იყო იყო, მორჩა ახლა უკვე დაიცავი კანონი, კანონი გახდა ადამიანური, რისი დაცვაც არი შესაძლებელი. შეგეძლება ადამიანურად ცხოვრება. შენი გადახდილი თანხა ააშენებს გზებს, ააშენებს შენი შვილებისათვის სკოლებს, ყაზარმებს, გაალამაზებს გარემოს, შენ თვითონ ნახავ ამ გადასახადების შედეგებს.
მეორეს მხრივ არ იქნება ისეთი გადასახადი, რომ შენი ბიზნესი დავახრჩოთ. აი, ეს არის ახალი საგადასახედო კოდექსი და საგადასახადო ამნისტია, დანარჩენი უკევ დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების მოქნილობაზე.
სახელმწიფოს კონსოლიდაცია
კიდევ ერთი, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაცია. ეს არ არის მარტო აჭარა, საქართველოში ყველამ იგრძნო, რომ საქართველო არის მისი სამშობლო.
მე გუშინ ვიყავი ახალქალქაში, მთავარი ის კი არ იყო, რომ ადგილობრივ ბავშვებთან ერთად შევეცადე ცეკვა შემესრულებინა, მთავარი იყო ის, რომ აქამდე ახალქალაქი იყო სრულიად მიტოვებული.
ჩვენ გვაშინებდნენ, რომ იქ არიან სხვადასხვა აგრესიული ჯგუფები, ისინი ეწინააღმდეგებიან ქართულ სახელმწიფოს, ხალხი არის სხვანაირად განწყობილი. ჩემი წინამორბედი [ექს–პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე] ჩადიოდა, შეკრებდა დარბაზში აქტივს, წინასწარ არავის არ აფრთხილებდა, რომ იქ რამე არეულობა არ ყოფილიყო. შეხვდებოდა ნახევარი საათით, რომ ხალხს არ გაეგო და არ მისულიყვნენ, ჩაჯდებოდა ჩამოფრინდებოდა უკან.
ჩვენ გავაფრთხილეთ და დაგვხვდა ათასობით ადამიანი და ყველამ კარგად ნახა როგორ დაგვხვდნენ. ყველამ ნახა, როგორ ღელავდნენ ისინი საქართველოს ჰიმნზე, ყველამ ნახა როგორ პატივს სცემენ ისინი საქართველოს დროშას, ყველამ ნახა, რომ პატარა ბავშვებიც ცდილობდნენ ქართულად საუბარს.
აი, ეს არის ახალი სახელმწიფო, ეს არის ახალი მენტალიტეტი, ისინი გრძნობენ, რომ ისინი არიან ჩვენი საერთო წარმატების ნაწილი.
პირველად გაჩნდნენ რეზერვისტთა ბანაკებში სომეხი და აზერბაიჯანელი რეზერვისტები. (თავისთავად ეს არის უნიკალური მოვლენა).
ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო, ჩვენ ვაპირებთ, რომ წინადადებით გამოვიდეთ იგივე ოსებისადმი, ბოლო ხანებში მათი ხელმძღვანელობა ძალინ შეცვლილია, ღმერთმა ქნას, რომ ეს ტენდეცია იყოს, იგივე აფხაზეთის მიმართ. ერთი სიტყვით, საქართველოში კონსოლიდაციის პროცესი გარდაუვალია. ამას დასჭირდება დრო, ამას დასჭირდება სერიოზული ერთიანობა ჩვენი, მაგრამ ამას ჩვენ გავაკეთებთ.
ეს არის რაც შემეძლო თქვენთვის საერთო განმარტებების სახით მომეცა და მეთქვა.
სივილ ჯორჯია, თბილისი