რუსული გაზეთის ცნობით ბაღაფშის ინაუგურაცია “სეპარატისთა ფორუმად“ გადაიქცა
14 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში რუსული გაზეთი “კომერსანტი“ იტყობინება, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში სერგეი ბაღაფშის საპრეზიდენტო ინაუგურაცია “რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილ სეპარატისტთა ფორუმად“ გადაიქცა.
12 თებერვალს სოხუმში გამართულ ინაუგურაციას სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკების დელეგაციები, ასევე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების და მოსკოვის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“ცერემონიას მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, რადგანაც რუსეთი არ უჭერს მხარს ჩეჩნურ სეპარატიზმს და მათი იქ ყოფნა რუსეთის ორმაგი სტანდარტებით მოქმედების აშკარა დემონსტრაცია იქნებოდა“, იტყობინება გაზეთი.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ინაუგურაციაზე დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სახით იყო წარმოდგენილი.
“აფხაზეთი იქნება ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბევრი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებს. მინდა მათ განვუცხადო: ჩვენ განვაგრძობთ წინაპრების მიერ დაწყებულ ისტორიულ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენს ხალხს შორის მეგობრობისა და ძმობის გაძლიერებისკენაა მიმართული. ჩვენ გავამრავალფეროვნებთ ამ ტრადიციებს; ჩვენ ვითანამშრომლებთ ჩვენი ხალხების მომავლისთვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის,“ განაცხადა კოკოითმა, ინტყობინება “კომერსანტი“.
“დღეს ჩვენ არა მარტო მივესალმებით აფხაზეთის პრეზიდენტს, შეიძლება ითქვას, რომ დღეს აქ მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ფორუმი შეიკრიბა. გარკვეულ ძალებს სურთ თანამშრომლობის ახალი წესები მოგვახვიონ თავს. მინდა განვუცხადო ამ ძალებს, ვერავინ გვასწავლის ჩვენ – აფხაზებს, ადიგელებს, ყაბარდოელებს, ბალყარელებს, ყარაჩაელებს, ჩერქეზებს, დაღესტნელებს, ოსებს და რუსებს – თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. იმედი მაქვს დავუმტკიცებთ ყველას, რომ კავკასია არ არის საცდელი პოლიგონი. გაუმარჯოს აფხაზეთის რესპუბლიკას! გაუმარჯოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას! გაუმარჯოს ჩვენ კავშირს დიდ რუსეთთან“, განაცხადა კოკოითმა.
სერგეი ბაღაფშმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ აფხაზეთი ღია იქნება ინვესტიციებისთვის და მზად არის გახდეს “მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანზიტო“ ტერიტორია. “მზად ვართ ეს საკითხი ნებისმიერ დაინტერესებულ ქვეყანასთან განვიხილოთ. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით – ეს არის [აფხაზეთის] დამოუკიდებლობის უპირობო პატივისცემა“, დასძინა ბაღაფშმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)