სტივენ მანი მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის საქართველოს გეგმებზე საუბრობს
გაზეთ “24 საათთან” ინტერვიუში, რომელიც 24 თებერვალს გამოქვეყნდა, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსების საკითხებში სტივენ მანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თემას.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის თაობაზე.
“24 საათთან” ინტერვიუში სტივენ მანი აცხადებს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ხელისუფლებას პრივატიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება აქვს, თუმცა “ჩვენ დაჟინებით ვუხსნიდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს დიდი სიფრთხილითა და დაკვირვებით”, დასძენს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი.
მისი თქმით, აშშ-ი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე და “ჩვენ სასტიკი წინააღმდეგი ვართ ყველა იმ ქმედებისა, რამაც შესაძლოა, ეს პროცესი შეაჩეროს”.
გაზსადენის გაყიდვა, მანის განცხადებით, წინააღმდეგობაში მოვა აშშ-ს გეგმებთან, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ალტერნატიული ენერგოწყაროებით უზრუნველყოფას.
სტივენ მანის განცხადებით, იგი რამოდენიმეჯერ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აწ გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ამ საკითხებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თუ მაგისტრლური გაზსადენი მიეყიდება რუსულ კომპანია “გაზპრომს”, “ეს ხელს შეუშლის შაჰ-დენიზის პროექტის რეალიზებას”.
შაჰ-დენიზის, იგივე ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ამერიკული პროექტი ნაწილია გაცილებით ფართო პროექტისა, რომელსაც “ბრითიშ პეთროლიუმი” (BP) ნავთობისა და გაზის სექტორში სათავეში უდგას რეგიონში და რომელიც ასევე მოიცავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს.
თუმცა, სტივენ მანი აცხადებს, რომ შაჰ-დენიზის პროექტი იმ შემთხევაშიც გაგრძელდება, თუ ”გაზპრომი” შეისყიდის მაგისტრალურ გაზსადენს. “ის გაგრძელდება და საქართველოზე მაინც გაივლის”, დასძენს მანი.
მისი თქმით, აშშ-ი არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და “გაზპრომს” შორის თანამშრომლობას, რადგან “გაზპრომი” საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილია”.
კითხვაზე, თუ რა გავლენას იქონიებს გაზსადენის რუსული კომპანიისთვის მიყიდვა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, სტივენ მანი პასუხობს, რომ “საქართველოს მთავრობა აშშ-ს მეგობარია და ჩვენ ყოველთვის ახლო ურთიერთობები გვექნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)