რუსეთი მზადაა სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებებისთვის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის განაგრძოს თბილისთან მოლაპარაკებები საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების “ფუნქციონირებასთან“ დაკავშირებით, აცხადებენ საინფორმაციო სააგენტოები “რია ნოვოსტი“ და “იტარ-ტასი“ 11 მარტს.
“ჩვენი გეგმები უცვლელი რჩება და ჩვენ განვიხილავთ [ქართულ მხარესთან] ბაზების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებს“, განუცხადა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების კომენტირებისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ “ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომელიც არ უჭერს მხარს პარლამენტის გადაწყვეტილებას“.
ამ განცხადებით, სერგეი ლავროვს მხედველობაში ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელმაც 9 მარტს ურჩია დეპუტატებს გადაედოთ დადგენილების მიღება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)