სააკაშვილი: თბილისი სამხრეთ ოსეთს “კონკრეტულ“ გეგმას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის ინიციატივას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ბევრი ეთნიკური ოსის დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.


“ცხინვალთან მიმართებაში ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს. ჩვენ ვთარგმნეთ ეს გეგმა ოსურ ენაზე და გამოვაქვეყნეთ [საქართველოს] პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. ამ გეგმასთან დაკავშირებით ბევრი დადებითი გამოხმაურება მივიღეთ ოსებისგან … ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, განაცხადა სააკაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 24 მარტს გამოქვეყნდა დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თბილისის წინადადებას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით და რომელიც ეფუძნება იმ ინიციატივებს, რომლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა.


თუმცა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა 29 მარტს განაცხადა, “ჩვენ არ ვიღებთ თბილისის წინადადებებს სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. სამხრეთ ოსეთი თავის თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)