“საოკეანო სანაოსნოს“ მფლობელი ბრიტანული კომპანია ხდება
ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა და Armstrong Holdings Corporation–ს შორის გაფორმებული მემორანდუმი შპს “საოკეანო სანაოსნოს“ შესყიდვის თაობაზე გაუქმებულია, ახალი ხელშეკრულება 29 მარტს უკვე გაფორმდა ბრიტანულ კომპანია Aquamarine Shipping Consultants–თან. ამის შესახებ 30 მარტს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.
“[ბრიტანული] კომპანია იხდის 93 მლნ დოლარს. 9,3 მლნ დოლარს კი ჩვენს ანგარიშზე წინასწარ გადმორიცხავს, რაც მთლიანი თანხის 10%-ს შეადგენს“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია დაფარავს თუ არა “საოკეანო სანაოსნოს“ ახალი მფლობელი წლების წინ დაგროვილ ვალებს, რომლის საერთო რაოდენობაც 72 მლნ დოლარს შეადგენს. “სავარაუდოდ ვალის დაფარვაც მოხდება“, აცხადებენ სამინისტროში.
ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა და კონსორციუმ Armstrong Holding-ს შორის, რომელთანაც იანვარში მემორანდუმი გაფორმდა შპს “საოკეანო სანაოსნოს“ 161 მლნ აშშ დოლარად [ამ თანხაში შედის 72 მილიონიანი ვალის დაფარვაც] მიყიდვის თაობაზე, მარტში მიმდინარე კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა და შეთანხმება თანხის გადახდის ქართული მხარისათვის მისაღებ გრაფიკთან დაკავშირებით ვერ იქნა მიღწეული.
ეკონომიკის მინიტრი ლექსო ალექსიშვილი ღიად აცხადებდა, რომ Armstrong Holding-თან კონსულტაციების პარალელურად მოლაპარაკებები იმ კომპანიებთანაც წარმოებდა, რომლებიც “საოკეანო სანაოსნოს“ პრივატიზების სურვილი ოფიციალურად გამოთქვეს, მათ შორის ამჯერად უკვე გამარჯვებულ Marine Capital Limited-თან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)