სტივენ მანმა და გივი თარგამაძემ აფხაზეთის და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს
კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი დღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატ გივი თარგამაძეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ სტივენ მანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან თარგამაძეს მისი სოხუმში ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სტივენ მანის თქმით, შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი.
დეპუტატმა გივი თარგამაძემ მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელმა დიპლომატმა სიფრთხილისკენ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხის განხილვისას.
“[ამერიკელმა დიპლომატმა] შემდეგი რეკომენდაცია მოგვცა: არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც შეიძლება შეიცავდეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროებას”, განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)