ბურჯანაძე ელჩის გამოწვევაზე ზურაბიშვილს განმარტებას სთხოვს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 18 აპრილს განაცხადა, რომ მან სთხოვა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს მოიწვიოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რათა ამ უკანასკნელმა განმარტოს მისი გადაწყვეტილება ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გამოწვევასთან დაკავშირებით, რაც 9-13 აპრილს ბრიუსელში ნინო ბურჯანაძის ვიზიტს დაემთხვა.
გასულ კვირას ნინო ბურჯანაძემ ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “უპრეცედენტო და არაეთიკური შემთხვევაა [ელჩის] გამოწვევის შესახებ წერილის გაგზავნა, მაშინ, როცა ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს ახლავს ოფიციალურ მოლაპარაკებებზე“.
“მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ წინასწარ ვაცნობე საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გამოეწვია ელჩი ჩემი ვიზიტის დროს, ეს მაინც მოხდა … ამგვარად, მართებულად მიმაჩნია ვკითხო სალომე ზურაბიშვილს, თუ რომელ რგოლში მოხდა ეს გაუგებრობა“, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური)