აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა ახალი მეთაური დაინიშნა

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მეთაურად გენერალ-მაიორი სერგეი ჩაბანი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ვლადიმერ ევტეევი შეცვალა.

სერგეი ჩაბანი 18 აპრილს თბილისში გენერალური შტაბის უფროსს ლევან ნიკოლეიშვილს და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გოგა ხაინდრავას შეხვდა.


გოგა ხაინდრავას განცხადებით, სერგეი ჩაბანი ქართული მხარისთვის წარდგენილ კანდიდატურებს შორის მისაღები აღმოჩნდა.


“ჩვენ კონფლიქტის ზონაში გვჭირდება არა სამხედრო, არამედ მენეჯერი. ვფიქრობ ამ მოვალეობას ჩაბანი გაართმევს თავს“, განუცხადა 18 აპრილს ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ.


გენერალ-მაიორი სერგეი ჩაბანი 2001 წლიდან მოსკოვის სამხედრო ოლქში გვარდიის არმიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, მანამდე კი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში მუშაობდა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)