თბილისსა და მოსკოვში აცხადებენ რომ ბაზებზე შეთანხმება ახლოვდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 26 მაისს თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ თბილისი და მოსკოვი “უფრო დაუახლოვდნენ“ კომპრომისულ გადაწყვეტილებას საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე, იტყობინება 26 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.


რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბაზებზე მოლაპარაკებები 23-24 მაისს თბილისში გამართეს. მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა გარკვეულ პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას გაყვანის ვადებთან დაკავშირებით“, რაც მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის საგანი გახდება. შეუთანხმებელი პუნქტების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგანაც როგორც საქართველოს, ისე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები უარს აცხადებენ კონკრეტულ საკითხებზე კომენტირებისგან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა “24 საათი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები დიდი ხნის  განმავლობაში ვერ გაგრძელდება.


მისი თქმით, რუსული მხარე ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს გაყვანის ერთადერთ დაბრკოლებად. “ისინი [რუსეთის ოფიციალური პირები] ამბობენ: რა უნდა ვუყოთ ჩვენს ჯარისკაცებს, ბევრი ფულია საჭირო მათი განთავსებისთვის, სად უნდა წავიყვანოთ ისინი და ა.შ.“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


არსებობს იმის ნიშნებიც, რომ მხარეები საკითხის კომპრომისულ მოგვარებას მიუახლოვდნენ, მათ შორის ისეთი საკითხის თაობაზე, რომელიც საქართველოში მესამე ქვეყნის ჯარების განუთავსებლობას ეხება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 25 მაისს გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო არ გეგმავს მესამე ქვეყნის ჯარები თავის ტერიტორიაზე განათავსოს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმეორებს, რომ თბილისმა ეს პოზიცია იურიდიულად, სავალდებულო დოკუმენტში უნდა დააფიქსიროს.


“მივესალმებით [პრეზიდენტ სააკაშვილის] ამ განცხადებას. ეს ასახავს ასევე რუსეთის ფედერაციის პოზიციასაც … საჭიროა ამ პოზიციის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტში დაფიქსირება“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 26 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.   


მანამდე, ამ საკითხზე კომენტარისას რუსეთის ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვდნენ საქართველოს ამ ვალდებულების შეტანას ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტში. თუმცა, საქართველო უარს აცხადებდა და სანაცვლოდ სთავაზობდა რუსეთს, რომ საქართველოს პარლამენტი მზად იყო  სპეციალური კანონის მისაღებად, რომელიც აკრძალავს უცხოური ჯარების განთავსებას საქართველოში.


თბილისი და მოსკოვი ბაზებთან ერთად ასევე განიხილავენ საქართველოში ერთობლივი ანტი-ტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხს. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი შიშობს, რომ ამგვარი წინადადება მოსკოვმა შესაძლოა ბაზებისთვის სახელის გადარქმევის შესაძლებლობად გამოიყენოს.  


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 25 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ანტიტერორისტული ცენტრის წინააღმდეგი არ არის. თუმცა, აქვე დასძინა, რომ ეს ცენტრი მას შემდეგ უნდა შეიქმნას, რაც რუსული სამხედრო ბაზები  დატოვებენ საქართველოს. მისი თქმით, ამ ცენტრის განკარგულებაში არ უნდა იყოს მძიმე ტექნიკა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)