რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბაზების გაყვანის მარშრუტებზე საუბრობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული ორი რუსული სამხედრო ბაზის საქართველოდან გაყვანის პროცესზე ისაუბრა, რაც თბილისსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით 2005 –2008 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.


“ჩვენ მოგვიწევს რუსეთის ტერიტორიაზე გამოვიყვანოთ 2,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომ არ ჩავთვალოთ მათი ოჯახის წევრები, 2,5 ათასი ერთეული მძიმე ტექნიკა, 80 ათასი ტონა ტყვია–წამალი, სამხედრო ქონება და სხვა სახით ტვირთი“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 6 ივნისს სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდობით.


მისი თქმით, ტექნიკისა და ქონების ძირითადი ნაწილი და ასევე პირადი შემადგელობა ზღვით იქნება გაყვანილი.


საქართველოდან გასაყვანი ბაზების ნაწილი კი სომხეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდება.


“საუბარი სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემაზე არ არის. შეიარაღება ერთი რუსული ბაზიდან მეორეზე გადავა“, იუწყება “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.


ამასთან, ივანოვი დასძენს, რომ რუსეთი დაიცავს იმ ზღვარს, რაც გათვალისწინებულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულებით, სადაც განსაზღვრულია ამა თუ იმ ტერიტორიაზე დასაშვები შეიარაღების რაოდენობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)