ესპანეთში ქართველები დააკავეს

ქართული მედიის ცნობით, ბარსელონაში ესპანეთის პოლიციამ 17 ივნისს ათობით საქართველოს მოქალაქე დააკავა. 


ესპანური El Pais–სა და ABC–ის ცნობით, პოლიციამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში განახორციელა ოპერაცია სახელმწოდებით “კრაზანა“, რომლის დროსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაახლოებით 20 მოქალაქე დააკავა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია 20, ან 25 ქართველი. სიხარულიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ციფრი შეიძლება შეიცვალოს, „შეიძლება ეს იყოს ნაკლები ან მეტი“.


ABC–ის ცნობით, დაკავებულთა უმეტესობა ქართველები არიან. მათ ფულის გათეთრებასა და ნავთობის კონტრაბანდაში ედებათ ბრალი. ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ დაკავებულს შესაძლოა ასევე წაუყენონ მკვლელობის და ფულის გამოძალვის ბრალდება.


ABC ასევე იტყობინება, რომ ზოგიერთ დაკავებულ ქართველს, რომლებიც ბარსელონას ერთ–ერთ რაიონში ცხოვრობენ, შესაძლოა უკვე ჰქონდეთ აღებული ესპანური პასპორტები.


17 ივნისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია ავსტრიაში 41 ქართველის დაკავების თაობაზე. ავსტრიულ გაზეთ Die Presse–ის ცნობით, დაპატიმრებულ ქართველებს ორგანიზებულ დანაშაულში ედებათ ბრალი. მათ მიერ მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 504,000 ევროს აღწევს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)