მოსკოვში შსკ-ს საგანგებო სხდომაზე სამხრეთ ოსეთში გართულებულ კრიმინოგენულ ვითარებას განიხილავენ
21-22 ივნისს მოსკოვში ქართულ-ოსურ კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც მხარეები (ქართული,ოსური, ჩრდილოეთ ოსური, რუსული) სხვა საკითხებთან ერთად 6 ივნისს ცხინვალიდან გაუჩინარებული ოთხი ქართველის საკითხს განიხილავენ.
შსკ-ს სხდომას ასევე დაესწრებიან ოთხივე მხარის შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები და განიხილავენ რეგიონში შექმნილ კრიმინალურ ვითარებას.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, დაგეგმილი იყო ასევე საქართველოსა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო “ვერ მოხერხდა”.
სახელმწიფო მინისტრი არ გამორიცხავს, რომ შს სამინისტროების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერონ ერთობლივ დოკუმენტს ანტიკრიმინალური მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ.
ხაინდრავას თქმით, რუსეთმა, რომელმაც თავის დროზე რეგიონში ვითარების დარეგულირების პასუხისმგებლობა აიღო, “ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია კონფლიქტის ზონაში შექმნილ კრიმინალურ ვითარებასთან მიმართებაში“.
ამას გარდა გიორგი ხაინდრავა კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალებისგან მოითხოვს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების “თარეშის შეწყვეტას“.
“თუ ეს არ მოხდება, მაშინ სამშვიდობო ძალები იძულებული იქნებიან განაცხადონ თავიანთი სისუსტის და ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ“, განაცხადა 20 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხაინდრავამ.
სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტის ზონაში 29 მაისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც სოფელ თამარაშენთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს ერთი ქართველი და ოთხი ოსი გარდაიცვალა და 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველის გაუჩინარებას კონფლიქტის ზონაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობას უკავშირებს.
“ჩვენ ვერ შევეგუებით რეგიონში ხალხის დაკარგვას…“, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, შსკ-ს სხდომაზე ქართული მხარე ასევე დააყენებს რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესის დასრულების საკითხს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)