ცსკ–ომ საინიციატივო ჯგუფთან რეფერენდუმის შეკითხვის ფორმულირება დააზუსტა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) დღეს გამართულ სხდომაზე მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით საინიციატოვო ჯგუფთან სარეფერენდუმოდ შეტანილი შეკითხვის ფორმულირებები დააზუსტა.
ოპოზიციური პარტიების “რესპუბლიკელების“, “კონსერვატორების“, მოძრაობა “სახალხო ფორუმისა“ და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაზე თანხმობის მისაღებად განაცხადი 16 ივნისს წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე ცსკ–მ ის დეტალები დააზუსტა, რაც კომისიის მოსაზრებით, იურიდიული ხარვეზების მატარებელია სარეფერენდუმო შეკითხვის ტექსტში. ცსკ–ს შენიშვნების ნაწილი საინიციტივო ჯგუფმა გაითვალისწინა, რაც ტექსტის საბოლოო ვერსიაში აისახება.
თუმცა “კონსერვატორების“ ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, “[ცსკ–ს წევრების] მთელ რიგ შეკითხვებში იყო პოლიტიკური შეფასებებიც“.
ცსკ–მ რეფერენდუმის პროცედურების დაწყებაზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 ივლისს უნდა მიიღოს.
“საზოგადოებრივ აზრს [პიდაპირ არჩევნებთან დაკავშირებით] პატივს ვცემთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება არგუმენტირებული“, განუცხადა ჟურნალისტებს ცსკ–ს თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)