ბუშის ხელყუმბარის ინციდენტში ‘სავარაუდო ეჭვმიტანილი’ დაკავებულია







შსს-მ ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილის
ფოტო 18 ივლისს გამოაქვეყნა.
პირი, რომელიც “სავარაუდოდ ეჭვმიტანილია“ 10 მაისს აშშ–ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტის დროს ხელყუმბარის სროლაში, დაკავებულია პოლიციის იმ ოპერაციის შედეგად, რომელსაც უშიშროების ერთი ოფიცრის სიკვდილი და თავად “ეჭვმიტანილის“ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მოჰყვა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 21 ივლისს 00:25 საათზე.


მერაბიშვილის თქმით, 27 წლის ვლადიმერ არუთუნიანმა მას შემდეგ გახსნა ცეცხლი, რაც 20 ივლისს საღამოს პოლიცია მის აყვანას მისივე ბინასთან  შეეცადა. “არუთუნიანი [პოლიციასთან] ორმხივი სროლის შედეგად დაიჭრა, რის შემდეგაც, ცოტა ხანში დაპატიმრებულ იქნა პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფის მიერ“, განაცხადა მერაბიშვილმა.


არუთუნიანი ახლომდებარე ტყეში შეეცადა მიმალვას, თუმცა მას პოლიციამ თითქმის ერთი საათის შემდეგ მიაგნო და დააპატიმრა.


“ამ თვეების განმავლობაში ანტიტერორისტულმა ცენტრმა და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელებთან [აშშ–ს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან] თანამშრომლობით ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ჩვენ დავადგინეთ და მოვიპოვეთ ეჭმიტანილის ფოტო, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილის. ბოლო დღეებში, ოფიციალური გამოცხადების [ფოტოების გამოქვეყნების] შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, ხაზს ვუსვამ, სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ“, განაცხადა მერაბიშვილმა.


“ახლა ზუსტდება ამ პიროვნების კავშირები, დგინდება [ხელყუმბარის ინციდენტის] მოტივი და ყველა ინფორმაცია. ყველა ეს ინფორმაცია არის წინასწარი“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


CNN–მა აშშ–ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელზე თომ მაზურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული მხარე არ იყო ჩართული ოპერაციაში, თუმცა “ჩვენ განვაგრძობთ ქართულ გამოძიებაზე თვალყურის დევნებას“.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ივლისს გამოაქვეყნა ოთხი სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ახალგაზრდა კაცის სურათები, რომელიც სამართალდამცავთა განცხადებით, სავარაუდო ეჭვმიტანილია თავისუფლების მოედანზე 10 მაისს პრეზიდენტ ბუშის მიმართვის მოსასმენად შეკრებილ ხალხში ხელყუმბარის სროლაში. ხელყუმბარა პრეზიდენტების ბუშისა და სააკაშვილის გამოსვლის ადგილიდან 30 მეტრში იქნა ნასროლი.


აშშ–ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანახმად, ხელყუმბარა მოქმედი იყო, თუმცა არ ამუშავდა.


“ჩვენი აზრით,[ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში] საფრთხე ექმნებოდა როგორც აშშ–ს, ისე საქართველოს პრეზიდენტებს და მრავალ ქართველს, რომელიც იმ მომენტში თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა“, განაცხადა ბრაიან პაარმანმა, აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე.


თავდაპირველად ხელყუმბარის ინციდენტის შესახებ ღირებული ინფორმაციის სანაცვლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ათას ლარიანი ჯილდო დააწესა. თუმცა ჯილდო სამინისტრომ 150 ათას ლარამდე მაშინ გაზარდა, როცა სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტოები გამოაქვეყნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)