ეჭვმიტანილი ხელყუმბარის სროლის ფაქტს ადასტურებს

ვლადიმერ არუთუნიანმა, რომელის 20 ივლისს სამართალდამცავებთან ორმხივი სროლის შედეგად დააკავეს, დაადასტურა, რომ სწორედ მან ისროლა 10 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხში ხელყუმბარა მაშინ, როცა პრეზიდენტი ბუში სიტყვით გამოდიოდა. აშშ–ს საელჩო საქართველოში უკვე მიესალმა ეჭვმიტანილის დაკავებას.


21 ივლისს გაკეთებულ ერთადერთ კომენტარში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 18 ივლისს ეჭვმიტანილის ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის პიროვნების შესახებ სამართალდამცავებს ცნობები არ მოეპოვებოდათ, სამინისტომ რამოდენიმე მოქალაქისაგან ღირებული ინფორმაცია მიიღო. მერაბიშვილის განცხადებით, დაწესებული 150 ათას ლარიანი ჯილდო განაწილდება იმ კონფიდენციალურ მოქალაქეებზე, რომელთა რაოდენობაც არ კონკრეტდება.


“გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე საუბრისაგან თავს შევიკავებ“, განაცხადა შს მინისტრმა 21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.


21 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში შსს  ქართული ტელეკომპანიების მეშვეობის პერიოდულად ავრცელებდა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც ეჭვმიტანილ არუთუნიანს უკავშირდებოდა.


ოთხშაბათ დილით გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული იყო ეჭვმიტანილის საცხოვრებელი სახლი. კადრებში ჩანს რამოდენიმე ხელყუმბარა, სამხედრო ფორმა, ღამის ხედვის ხელსაწყო, რამოდენიმე აირწინაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა. თუმცა აღნიშნულ კადრებს შსს–ს მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია. ამდენად, ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა იქნა აღმოჩენილი ეჭვმიტანილის ბინაში.


მოგვიანებით შსს–მ გაავრცელა ეჭვმიტანილთან ჩაწერილი მოკლე ინტერვიუ. ვიდეომასალაში ნაჩვენებია საავადმყოფოს ოთახში მყოფი არუთუნიანი, რომელიც 20 ივლისს პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. შს პრესსამსახურის უფროსის გურამ დონაძის შეკითხვაზე: “თქვენ ისროლეთ ხელყუმბარა?“, არუთუნიანი პასუხობს: “კი”.


შეკითხვაზე, რატომ გააკეთეთ ეს, ეჭვმიტანილი იწყებს პასუხს: “იმიტომ, რომ ბუშის…“ და ვიდეომასალის ხმა გაბმული სიგნალით იფარება უცენზურო გამონათქვამების გადაფარვის მიზნით.


ამავდროულად აშშ–ს საელჩომ საქართველოში 21 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიესალმა ეჭვმიტანილის დაკავებას. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობით, გულმოდგინე გამოძიებითა და საქმისადმი თავდადების წყალობით შეძლო ეჭვმიტანილის დაკავება. აშშ-ს მთავრობა აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ მძიმე შრომას, ისევე როგორც ქართველ სამართალდამცავთა სიმამაცესა და თავდადებას.  ინფორმაციის გაზიარების, მოკავშირეობისა და გამოცდილების ხარისხი წარმოადგენს სამართალდამცავი უწყებების საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს“, ნათქვამია განცხადებაში.


27 წლის არუთუნიანი 20 ივლისს, გვიან ღამით პოლიციასთან ორმხრივი შეტაკების შედეგად დააკავეს. ამ ოპერაციას უშიშროების თანამშრომლის ზურაბ ქვლივიძის სიცოცხლე შეეწირა.

აშშ–ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანახმად, ბუშის თბილისში ვიზიტის დროს ნასროლი ხელყუმბარა მოქმედი იყო, თუმცა არ ამუშავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)