ოფიციალური თბილისი მინსკში ქართველების დაკავებას გმობს
25 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის მხარის მიერ საქართველოს მოქალაქეების უსაფუძვლო დაკავებას და მიიჩნევს რა ამგვარ ქმედებას პროვოკაციად, “კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”.
24 აგვისტოს მინსკში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას“ აქტივისტები გიორგი კანდელაკი და ლუკა წულაძე, რომლებიც სამინისტროს ინფორმაციით “მოათავსეს მინსკის მოსკოვის რაიონის მილიციის განყოფილებაში, შემდეგ კი, გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურის განყოფილებაში, სავარაუდოდ შემდგომი დეპორტაციის მიზნით“.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიმართ არანაირი ბრალდება წაყენებული არ ყოფილა.
კანდელაკი და წულაძე, რომლებიც ბელარუსში ერთი კვირის წინ გაემგზავრნენ, ბელარუსის ახალგაზრდული მოძრაობა “ზუბრის“ კოორდინატორ ვლადიმერ კობეცთან ერთად დააკავეს. თუმცა, დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ კობეცი გაათავისუფლეს.
This post is also available in: English (ინგლისური)