რუს სამშვიდობოებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონტრაბანდულ საქმიანობაში ედებათ ბრალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართულმა პოლიციამ 12 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში განხორციელებული ოპერაციების დროს დიდი ოდენობის კონტრაბანდული საქონლით დატვირთული მანქანები დააკავა. მისი თქმით, ორივე შემთხვევაში კონტრაბანდულ საქონელს კონფლიქტის ზონებში განლაგებული რუსი  სამშვიდობოები აცილებდნენ.   


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კონტრაბანდული საქონლით დატვირთული მანქანა ენგურის ხიდთან დააკავეს. [დაკავების] შემდეგ რუსმა სამშვიდობოებმა დამხმარე ძალა გამოიძახეს, რასაც ადგილზე 2 ჯავშანტრანსპორტიორის და დაახლოებით 20 შეიარაღებული ჯარისკაცის მობილიზება მოჰყვა. ისინი დაემუქრნენ ქართველ სამართალდამცავებს და შეეცადნენ ამ მეთოდით ტვირთის წაღებას. ვითარების განმუხტვა სამეგრელოს სწრაფი რეაგირების ძალების მობილიზების შემდეგ მოხერხდა, როდესაც ალყაში მოქცევის შემდეგ რუსმა სამშვიდობოებმა უკან დაიხიეს“, განაცხადა მერაბიშვილმა 12 აგვისტოს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, კონტრაბანდულ საქონელი შეიცავდა 13,000 კოლოფ სიგარეტს და ალკოჰოლური სასმელის ათობით ბოთლს.


შს მინისტრის ინფორმაციით დღესვე კონრაბანდული ტვირთის დაკავება მოხდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ტყვიავთან, რომელსაც „ასევე რუსი სამშვიდობოები აცილებდნენ“.


„ჩვენ საქართველოში არ დაუშვებთ მსგავს უკანონობას. საქართველო არ არის კონტრაბანდული ქვეყანა“, დასძინა შს მინისტრმა.


მან მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას და რუსი სამშვიდობოების მეთაურებს „გააკონტროლონ სამხედროები“ კონფლიქტის ზონებში და არ დაუშვან მათი მონაწილეობა კონტრაბანდულ საქმიანობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)