თბილისი აფხაზეთის სამხედრო წვრთნებს აპროტესტებს

აფხაზეთისა და რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 15 აგვისტოს 6,000 სამხედროს მონაწილეობით ფართო-მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო.


რუსული ინტერნეტ გამოცემა „კავკაზსკი უზელ“-ი იტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის სულთან სოსნალიევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ წვრთნები ჯავშანტექნიკის, არტილერიის, საზღვაო და საჰაერო ძალების მონაწილეობით რეგიონის მთელს ტერიტორიაზე იმართება, გარდა „უსაფრთხოებისა და შეზღუდული შეიარაღების ზონებისა“, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ქართულ-აფხაზური შეთანხმება ითვალისწინებს.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ უკვე გამოხატა პროტესტი წვრთნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, წვრთნები შეზღუდული შეიარაღების ზონაში მიმდინარეობს, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონში.


რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბის მეთაურმა ალექსანდრე კაზანცევმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში მდებარე ნაგვალოუს საწვრთნელი ბაზა, სადაც წვრთნების საბოლოო ეტაპი გაიმართება 19 აგვისტოს, ნამდვილადაა განთავსებული შეზღუდული შეიარაღების ზონაში.


„თუმცა, ქართული მხარეც რეგულარულად ატარებს წვრთნებს ამ ზონაში და ჩვენ უკვე რამდენჯერმე მოვუწოდებთ მხარეებს ხელახლა განიხილონ შეთანხმებები [შეზღუდული შეიარაღების ზონის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით]“, განუცხადა კაზანცევმა „კავკაზსკი უზელს“.      

This post is also available in: English (ინგლისური)