რუსი სამშვიდობოების ცნობით თბილისმა ჩამორთმეული ტვირთი დააბრუნა
აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ იტყობინება რუსეთის სამშვიდობო ძალების პრეს-სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ ქართულმა მხარემ 15 აგვისტოს დაუბრუნა რუს სამშვიდობოებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ჩამორთმეული ტვირთი.
თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უარყო ეს ინფორმაცია. „ტვირთი კონტრაბანდულია და მისი დაბრუნება არ მოხდება“, განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა გურამ დონაძემ „სივილ ჯორჯიას“ 15 აგვისტოს.
ქართულმა პოლიციამ რუსი სამშვიდობოების მანქანა 12 აგვისტოს ენგურის ხიდის მახლობლად დააკავა. დაკავების შემდეგ რუს სამშვიდობოებს ჩამოართვეს ტვირთი, ძირითადად სიგარეტის ყუთები. ქართული პოლიციის თქმით, ტვირთი კონტრაბანდული იყო.
„იურიდიულ ექსპერტთა მონაწილეობით საქმის დეტალური გამოძიების შემდეგ ქართული მხარე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მისი პრეტენზიები უსაფუძვლო იყო“, ნათქვამია რუსეთის სამშვიდობო ძალების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
12 აგვისტოს, მანქანების დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეს-კონფერენცია მოიწვია და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას „გააკონტროლოს“ თავის სამშვიდობოები და არ დაუშვას მათი მონაწილეობა კონტრაბანდულ საქმიანობაში. მან ასევე დადებითი შეფასება მისცა ქართველი სამართალდამცავების მუშაობას და მოგვიანებით დააჯილდოვა კიდეც ის პოლიციელები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს დაკავების ოპერაციაში.
რუს სამშვიდობოთა განცხადებით, ტვირთი იმ რუს სამხედროებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ზუგდიდის საგუშაგოებზე არიან განთავსებულნი.
ანალოგიური ინციდენტი 12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაშიც მოხდა, როდესაც ქართულმა პოლიციამ ასევე სიგარეტით დატვირთული რუსი სამშვიდობოების მანქანა დააკავა. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა უარყვეს ბრალდება კონტრაბანდული საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ტვირთი რუსი სამშვიდობოებისთვის იყო განკუთვნილი.
This post is also available in: English (ინგლისური)