ლიტვა მიესალმება საქართველო-უკრაინის ინიციატივას დემოკრატიული ალიანსის შექმნის თაობაზე

ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი მიესალმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილის და ვიქტორ იუშჩენკოს, ინიციატივას დემოკრატიული ერების რეგიონალური ალიანსის შექმნის თაობაზე.


ინიციატივა „დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა“ ერთობლივ დეკლარაციაში აისახა, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ბორჯომში 12 აგვისტოს მოაწერეს ხელი.


16 აგვისტოს ლიტვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია. ამრიგად, მე მივესალმები საქართველოსა და უკრაინის ლიდერების ახალ დემოკრატიულ ინიციატივას, რომელიც, ვიმედოვნებ, ძლიერ სტიმულს მისცემს რეგიონში გამყოფი ხაზების განადგურებას, მოაგვარებს კონფლიქტებს, არ დაუშვებს ადამიანთა უფლებების დარღვევას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობის და გრძელვადიანი მშვიდობის ახალი ერისთვის“.


ვალდას ადამკუსმა ასევე განაცხადა, რომ იგი პირადად განიხილავს ამ ინიციატივას საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან.


ბორჯომის დეკლარაციის თანახმად, უკრაინისა და საქართველოს ლიდერები გამოდიან ინიციატივით მოიწვიონ რეგიონალური კონფერენცია უკრაინაში შემოდგომაზე, სადაც დემოკრატიული ალიანსის შექმნის ინიციატივა იქნება განხილული.

This post is also available in: English (ინგლისური)