სოხუმი უარყოფს რუსეთიდან იარაღის მოწოდების ფაქტს
რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 17 აგვისტოს დაიბეჭდა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა უარყო საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ რუსეთი ამარაგებს აფხაზეთს სამხედრო აღჭურვილობით, თუმცა აღიარა, რომ რუსეთის გადამდგარი ოფიცრები მსახურობენ აფხაზეთის არმიაში.
„ჩვენ არავინ გვეხმარება. ჩვენ თავადაც შეგვიძლია გავართვათ თავი. ამისათვის საკმარისი შეიარაღება და აღჭურვილობა გაგვაჩნია. შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის იარაღი შევიძინოთ. ეს პრობლემას არ წარმოადგენს… თავდაცვის სფეროს დაფინანსება 60%-ით გაიზარდა, სამხედროთა ხელფასებიც გაორმაგდა. საერთოდ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არმიასთან დამოკიდებულება შეიცვალა“, განაცხადა სულთან სოსნალიევმა.
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბევრი რუსი გადამდგარი ოფიცერი „აფხაზეთის არმიაში ნებაყოფლობით მოვიდა … მათ არავინ აგზავნის“, ამით მან მიანიშნა ქართული მხარის ბრალდებებზე, რომ რუსეთი აგზავნის სამხედრო ინსტრუქტორებს აფხაზური ჯარების მოსამზადებლად. საქართველოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად თვითგამოცხადებულ რეგიონში მიმდინარე ფართო-მასშტაბიან წვრთნებში რუსი ინსტრუქტორებიც იღებენ მონაწილეობას.
სულთან სოსნალიევის თქმით, ამ წვრთნების მთავარი ამოცანაა „მტრის თავდასხმის მოგერიებისთვის მზადყოფნა“.
„ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ჩვენი [საქართველოს და აფხაზეთის] შედარება არ შეიძლება. თუმცა, ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური ფაქტორი. აფხაზეთი მთლიანად შეიარაღებულია. აქ თითოეული ადამიანი მზად არის საბრძოლველად“, აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური)