სააკაშვილი შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 აგვისტოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს საქართველოს ხუთ მაჟორიტარულ ოლქში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არჩევნები გვიჩვენებს, უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს… ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, ისევე როგორც პრეზიდენტის მოგზაურობა აჭარაში, წინა-საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მხარდაჭერას.
ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი იყრის კენჭს, ხოლო ქობულეთში – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდიანციო სამსახურის უფროსი კობა ხაბაზი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე გააკეთა ანალოგიური განცხადება 11 აგვისტოს, როცა ისნის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის ბიძინა ბრეგაძისთვის დაეჭირა მხარი.
“ჩვენთვის ეს არჩევნები მთელი მსოფლიოს თვალში ერთგვარი ტესტი იქნება – აქვს თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის კურსს მხარდაჭერა ქვეყანაში”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 11 აგვისტოს.
This post is also available in: English (ინგლისური)