სამხრეთ ოსეთის ლიდერი გერმანიის ელჩს შეხვდა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 18 აგვისტოს ცხინვალში საქართველოში გერმანიის ელჩს უვე შრამს შეხვდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
დე ფაქტო პრეზიდნეტმა და გერმანიის ელჩმა შეხვედრისას ქართულ და ოსურ მხარებს შორის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივები და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი განიხილეს.
ედუარდ კოკოითმა უვე შრამს ოსური მხარის პოზიცია გააცნო ქართულ მხარესთან ურთიერთობის დარეგულირებისა და კონფლქიტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
კოკოითის თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაცია.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი იტყობინებოდა 17 აგვისტოს, რომ გერმანიის ელჩის ვიზიტის მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის ლიდერის ინფორმირება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების თაობაზე, რომელიც ბათუმში ივლისში გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური)