საზოგადოებრივ ტელევიზიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

როგორც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ექვსი ხმით საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე თამარ კინწურაშვილი აირჩია.
 
თამარ კინწურაშვილმა, რომელიც თავად იყო სამეურვე საბჭოს წევრი, 13 აგვისტოს წევრობაზე უარი თქვა და იმ 23 კანდიდატს შეუერთდა, რომლებიც ამ თანამდებობის დასაკავებლად იბრძოდნენ.


35 წლის თამარ კინწურაშვილი, განათლებით ჟურნალისტი, 1993–2000 წლებში გაზეთ „დრონში“ მუშაობდა. 2001 წელს იგი კომპანია „კასტელ–ჯორჯიას“ პიარ მენეჯერი იყო. ხოლო 2001 წლიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტში“ მედია პროგრამებს ხელმძღვანელობდა.


საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი თანამდებობაზე ეს უკვე მეორედ გამოცხადებული კონკურსი იყო, რადგან ივნისში სამეურვეო საბჭომ (მაშინ მისი წევრი კინწურაშვილიც იყო) ვერ შეძლო 16 კანდიდატს შორის სათანადო პიროვნების არჩევა, მიზეზად კი კანდიდატთა მედია მენეჯმენტში გამოუცდელობა დასახელდა.


მეორე კონკურსის მონაწილეთა ერთი ნაწილი უკმაყოფილო იყო კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მის ნაბიჯს, მონაწილეობა მიეღო კონკურსში „არა ეთიკური“ უწოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური)