ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხელისუფლებას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რენე ვან დერ ლინდერმა, რომელიც 20-22 აგვისტოს საქართველოს სტუმრობდა, მოუწოდა ხელისუფლებას განაგრძოს რეფორმების განხორციელება, იტყობინებოდა ევროპის საბჭოს პრეს-სამსახური 22 აგვისტოს.


ვიზიტის ფარგლებში რენე ვან დერ ლინდერი შეხვდა პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, ასევე ოპოზიციონერ დეპუტატებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.


მხარეებმა განიხილეს ხელისუფლების დანაწილებისა და ურთიერთდაბალანსების პრინციპთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ძლიერი ოპოზიციის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის საკითხები. განხილულ იქნა ასევე ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმირების საკითხიც.


22 აგვისტოს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას რენე ვან დერ ლინდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს რეკომენდაციას საქართველოს მთავრობისადმი 7%-იანი საარჩევნო ბარიერის შემცირების თაობაზე, რაც მიზნად ისახავს პლურალისტური და ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი პარლამენტის ჩამოყალიბებას.

This post is also available in: English (ინგლისური)