შსს: ხუთი ოსი ეროვნების მოქალაქე გათავისუფლებულია

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ივნისში გაუჩინარებული ხაჭაპურიძეების ნათესავების მიერ გატაცებული 5 ოსი ეროვნების მოქალაქე 20 წუთის შემდეგ გაათავისუფლეს, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.


შსს-ის ცნობით, ოსი ეროვნების მოქალაქეები სოფელ ქურთას მახლობლად დაახლოებით საღამოს 7 საათზე გაიტაცეს.


“მას შემდეგ, რაც საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერია ხაჭაპურიძეების ნათესავებმა გატაცებული ოსები გაათავისუფლეს“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.


“ინციდენტი ამ დროისთვის უკვე ამოწურულია“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი იმ პირების დაპატიმრებაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოსი მოქალაქეების გატაცებაზე.


სამხრეთ ოსურ მხარეს კომენტარი მომხდარზე ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.


გავრცელებული ინფორმაციით, შერეულმა სამშვიდობო ძალებმა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით კონფლიქტის ზონაში ყველა ცენტრალური გზა გადაკეტეს. 

This post is also available in: English (ინგლისური)