რუსი გენერალი: სამხედრო ტექნიკის გაყვანის წლიური გეგმა შესრულებულია

რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსეი მასლოვმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის 2005 წლის გეგმა შეასრულა, როგორც ამას რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მაისში მიღწეული შეთანხება ითვალისწინებს, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“.


“სიტუაცია საქართველოში არსებულ რუსულ ბაზებთან დაკავშირებით ნორმალურია. ჩვენ განვახორციელეთ სამხედრო ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დათქმულ ვადებში, როგორც ეს 2005 წლისთვის იყო განსაზღვრული“, აცხადებს  “ინტერფაქსი“ მასლოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


სამხელეთო ძალების მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გაყვანის შემდეგი ეტაპი მას შემდეგ დაიწყება, როცა ორი ქვეყანა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებსა და მათი დროებით ფუნქციონირების პირობებს შეათანხმებს.


რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში 30 მაისს შეთანხმდნენ, რომ რუსეთი თავის სამხედრო ბაზებს ბათუმიდან და ახალქალაქიდან 2005–2008 წლების განმავლობაში გაიყვანს.     

This post is also available in: English (ინგლისური)