ლავროვი დსთ-სა და საქართველოს შესახებ საუბრობს

რუსულ გაზეთ “მოსკოვსკიე ნოვოსტი” -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 26 აგვისტოს გამოქვეყნდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის “ახლანდელმა სტრუქტურამ“ არ გაამართლა მოლოდინი და რეფორმირებას საჭიროებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცე წარმოადგენს კონკურენციის ადგილს და დასავლეთის დაინტერესება რეგიონით სავსებით “ნორმალურია“. ინტერვიუში ლავროვი ასევე კომენტარს აკეთებს საქართველოს და უკრაინის ბოლოდროინდელ ინიციატივაზე დემოკრატიული ერების რეგიონალური კოალიციის შექმნის თაობაზე.


ლავროვის განცხადებით, პოსტ-საბჭოთა სივრცე არ არის “დაძაბულობის ცენტრი“. “ეს არის კონკურენცია … დასავლური სახელმწიფოების აქტიურობა აბსოლუტურად ბუნებრივია … არავინ ეჭვობს, რომ ცენტრალური აზია და კავკასია პოსტ-საბჭოთა სივრცის მთავარი ნაწილებია, რომელსაც სერიოზული მნიშვნელობა ენიჭებათ თანამედროვე მსოფლიოში. ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მისწრაფება –  რომელიც ცდილობს უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, მისი ეკონომიკური საჭიროებები – უზრუნველყოს თავისი ინტერესები ამ სივრცეში ნორმალურია“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.


“არა მგონია, რომ რომელიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყანა დსთ-დან სერიოზულად ფიქრობს მესამე ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობები რუსეთის საზიანოდ. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, დასძინა მან.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დსთ-ს ლიდერთა სამიტი ყაზანში არ გახდება ორგანიზაციის “დასამარების“ ადგილი. “ვაღიარებ, რომ ამჟამინდელმა სტრუქტურამ არ გამოიღო ის შედეგები, რომელთაც დსთ-ის შემქმნელები ელოდნენ“, განაცხადა ლავროვმა.


“მოსკოვსკიე ნოვოსტის“ კითხვაზე წარმოადგენს თუ არა საქართველოსა და უკრაინის  ინიციატივა დემოკრატიული კოალიციის შექმნის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოწვევას, ლავროვმა განაცხადა:


“გმადლობთ ამ კითხვისთვის, რადგანაც პრესაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია გაჩნდა, რომელიც ისე წარმოაჩენდა საკითხს, თითქოს ჩვენი იგნორირება მოხდა და თითქოს ჩვენ დაგვამცირეს. მინდა განვაცხადო, რომ ვლადიმერ პუტინი [რუსეთის პრეზიდენტი] ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ვიქტორ იუშჩენკომ მიიწვია ამ ღონისძიებაზე. ჩვენმა პრეზიდენტმა თავის გრაფიკს გადახედა და ბოდიში მოიხადა, რადგანაც ზუსტად იმ დღეს იყო დაგეგმილი მისი შეხვედრა იორდანიის მეფე აბდულასთან. ამიტომ არაა საჭირო არტეკის შეხვედრას რაიმე ანტირუსული დავწამოთ“, განაცხადა ლავროვმა.


საქართველოს, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები ყირიმში 18 აგვისტოს შეიკრიბნენ, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკ “არტეკის“ 80 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.


ლავროვმა საქართველოსთან ურთერთობებზეც ისაუბრა, აღნიშნა რომ რუსეთმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოს, განსაკუთრებით პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ამ ქვეყანაში.


“არ გვინდა ოფიციალურ თბილისს ჩვენი მეგობრობა მოვახვიოთ თავს. გვინდა მეგობრები ვიყოთ საქართველოსთან და მზად ვართ ამისთვის იმდენად, რამდენადაც საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს ამაზე მზადყოფნას“, დასძინა ლავროვმა.      


 

This post is also available in: English (ინგლისური)