სააკაშვილი დსთ-ზე კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყაზანში 27 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს არ მიაჩნია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შესაძლებლობები “ამოიწურა“. მან აქვე დასძინა, რომ საქართველოს გამოსვლა დსთ-დან დღის წესრიგში არ დგას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“.


“თუმცა, დსთ-ს პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაცა საჭიროა. შესაძლებელია დსთ-ს გარდაქმნა უფრო გავლენიან ორგანოდ. მაგრამ რაც არის – საჭიროა იმის გამოყენება“, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც 26 აგვისტოს ყაზანში დსთ-ს ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა.


მან ასევე უარყო ვარაუდები, რომ საქართველოს და უკრაინას შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავება დსთ-ს ალტერნატივის შექმნის წინაპირობაა.  “ეს არ შეცვლის დსთ-ს. საქართველოს გამოსვლა დსთ-დან დღის წესრიგში არ დგას“, დასძინა მან.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბორჯომის დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს და უკრაინის ლიდერებმა 12 აგვისტოს მოაწერეს ხელი, საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაა “დემოკრატიული არჩევანისადმი“.


“მტკიცება იმისა, რომ თითქოს რუსეთს “სანიტარული კორდონი“ უნდა შემოარტყან – არც თუ ძალიან ჭკვიანი ხალხის ვარაუდებია. კიევთან დეკლარაცია არის მცდელობა შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოების საკონსულტაციო მექანიზმი. ჩვენ და უკრაინა დემოკრატიული რეფორმების გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური)