პარლამენტი სამშვიდობო ძალებს ვადებს უწესებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ კანონმდებლებმა შეიმუშავეს დადგენილების პროექტი, რომელიც ავალებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები  სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გამოყვანის თაობაზე, თუ სამშვიდობო ძალების საქმიანობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ გამოსწორდება შესაბამისად 2006 წლის თებერვლისა და 2006 წლის ივლისისთვის.


ბურჯანაძის განცხადებით, პარლამენტს სურს, რომ კენჭისყრამდე, რომელიც  პარლამენტის უახლოეს სასესიო კვირაშია დაგეგმილი, ეს დადგენილება საჯაროდ იქნას განხილული.


“თუ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ იქნება მიღებული კონკრეტული ზომები რეალური, შესამჩნევი პროგრესის მისაღწევად სამშვიდობოთა მანდატის შესრულების პროცესში, ჩვენ მოვთხოვთ საქართველოს მთავრობას 2006 წლის 10 თებერვლამდე აცნობოს პარლამენტს არსებული ვითარების თაობაზე და უარყოფითი შეფასების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი  დააყენებს 15 თებერვლიდან რუსი სამშვიდობო ძალების საქართველოდან გაყვანის საკითხს“,– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პრეს-კონფერენციაზე.


მისი თქმით, იგივე ფორმულირება აისახება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუს სამშვიდობო ძალებთან მიმართებაშიც.


“ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ [დადგენილების პროექტში], რომ მზად ვართ კონსტრუქციული ნაბიჯები გადავდგათ და ამიტომაც ბოლო ვადად [აფხაზეთთან მიმართებაში 2006 წლის] 1 ივლისს ვასახელებთ. ამ დროისათვის მთავრობამ უნდა აცნობოს პარლამენტს, თუ რა რეალური და შესამჩნევი ნაბიჯები გადაიდგა კონფლიქტის ზონაში პროგრესის მისაღწევად. თუ პროცესი არ შეფასდება დადებითად [2006 წლის] 1 ივლისამდე, პარლამენტი მოითხოვს 15 ივლისიდან სამშვიდობო პროცესის შეწყვეტას აფხაზეთში, ასევე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმებას“,– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)