ალასანია აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გეგმებზე საუბრობს

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარის და ამავდროულად ქართულ–აფხაზურ დიალოგში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აფხაზებთან დიალოგის პროცესი წინ მიიწევს, რაც იძლევა იმედს, რომ რომ სტატუს კვო აღარ შენარჩუნდება და დაიწყება დინამიკური პროცესები კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების კუთხით.

აფხაზეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ალასანია ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების უახლოეს გეგმებზე საუბრობს.


მისი თქმით, ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სადაც განიხილება დევნილთა უსაფრთხოების პრობლემები და უსაფრთხოების გარანტიები.

“იქნება შეხვედრა [გაეროს გენერალური მდვინის] მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილავთ ჩვენს მიერ აფხაზური მხარისთვის შეთავაზებულ ორმხრივი განცხადების პროექტს. აფხაზური მხარე უკვე ორი თვეა მუშაობს მასზე. ჩვენ მივიღეთ მათი წინადადებები. პროექტი დამუშავდება და ახალი საბოლოო ვარიანტი აფხაზურ მხარეს ისევ გაეგზავნება. ასე რომ, ამ კუთხით მუშაობის პროცესი წინ მიიწევს“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

ქართულმა მხარემ შეიარაღებული დაპირისპირების განახლების წინააღმდეგ ქართულ–აფხაზური ერთობლივი განცხადების პროექტი აფხაზურ მხარეს და ჟენევის ფორმატის მონაწილეებს აგვისტოში გადასცა.

ალასანიას თქმით, გარკვეული წინსვლაა მოსალოდნელი ასევე ჟენევის ფორმატის შეხვედრისგან გალში ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს ოფისის გახსნის თაობაზე და ქართული ენის სწავლების საკითხებზე.

ალასანიას განცხადებით, იმედისმომცემია აშშ–ს საგარეო პოლიტიკაში “ძალიან ძლიერი“ ახალი მიმართულება პოსტ–საბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების საკითხის დაძვრასთან დაკავშირებით, რაც ამ საკითხებში რუსეთის უმოქმედობამ განაპირობა. 

“დღეს რუსეთი აღიარებს, რომ დასავლეთს და კერძოდ, ამერიკას თავისი ინტერესი აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში…ყველაფერი ეს, ამასთან, ჩვენი და აფხაზების ორმხრივი ძალისხმევა, დარწმუნებული ვარ, შედეგიანი იქნება“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

სამოქალაქო დიალოგი აფხაზურ მხარესთან, ალასანიას განცხადებით, ქართული მხარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. “აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების პროცესი არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენთვის, რასაც დაეყრდნობა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა“,– აცხადებს ალასანია.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ასევე საუბრობს ქართული მხარის პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებული ახალი სტრუქტურის შექმნის შესახებ, სადაც მოხდება აფხაზეთთან მიმართებაში საშინაო და საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის კოორდინაცია . მისი თქმით, ამ ახალი ინიციატივის შესახებ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)