შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) მიერ 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ხუთივე საარჩევნო ოლქში 1 ოქტომბერს ჩატარებულ მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ.


ხმების უმეტესი ნაწილის დათვლის შედეგად, ისნის საარჩევნო ოლქში ლიდერობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბიძინა ბრეგაძე 8 753 ხმით; მას მოყვება “ახალი მემარჯვენეების” კანდიდატი გიორგი მოსიძე 5 841 ხმით. დანარჩენმა სამმა კანდიდატმა ისნის საარჩევნო ოლქში ერთად 1 207 ხმა მოაგროვა.


ტყიბულში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პავლე ყუბლაშვილმა 9 306 ხმა მოიპოვა, ხოლო ნინო ქვარიანმა – 1 854 ხმა ტყიბულის საარჩევნო ოლქში.


“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯემალ ინაიშვილი ლიდერობს ბათუმის საარჩევნო ოლქში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებში 8 249 ხმით; მას მოსდევს “კონსერვატორების” წევრი ჯუმბერ თავართქილაძე 1 753 ხმით. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა მხოლოდ 753 ხმა მოიპოვა.


მმართველი პარტიის წევრმა კობა ხაბაზმა 13 920 ხმა მიიღო ქობულეთის საარჩევნო ოლქში. “კონსერვატორების” წევრმა ჯიმშერ ჯინჭარაძემ – 6 160 ხმა. ამავე საარჩევნო ოლქის კიდევ ერთმა კანდიდატმა ავთანდილ მიქელაძემ 336 ხმა მიიღო.


მმართველი პარტიის წევრმა ელგუჯა მაკარაძემ შუახევის საარჩევნო ოლქში 5 484 ხმა მოიპოვა, ედუარდ ნიჟარაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან” – 2 116 ხმა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვლადიმერ მუმლაძემ – 222 ხმა.


“ცსკ-მ რამდენიმე საჩივარი მიიღო და მათი უმეტესობა ამომრჩეველთა სიებს უკავშირდება. ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საჩივარს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს”, განაცხადა ცსკ-ს თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ 2 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)