კოკოითი: სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შემდეგ სამხრეთ ოსეთი საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედურდ კოკოითმა 4 ოქტომბერს მოსკოვში, “ინტერფაქსის“ ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ ცხინვალი, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შემთხვევაში, თავად უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას, თუმცა აქვე დასძინა, რომ “[რუსული] სამშვიდობო ძალები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება იქნას გაყვანილი კონფლიქტის ზონიდან, რაც კონფლიქტი სრულად დარეგულირდება“.


საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი, რომლითაც 10 თებერვლამდე თუ რუსი სამშვიდობოები დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას ვერ მოახერხებენ, ისინი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას 15 თებერვლიდან დატოვებენ. აგრეთვე მოხდება შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების დენონსირება და არსებული სტრუქტურების გაუქმება. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს მომავალში უყრის კენჭს.


“ქართული მხარის მიერ [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის] მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ ხელშეკრულებების დენონსაციისა და სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციები სამხრეთ ოსეთის არმიას დაეკისრება“, – აცხადებს კოკოითი.


თუმცა აქვე ხაზს უსვამს, რომ სამშვიდობოების გაყვანა და შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ)ფარგლებში მოლაპარაკებათა ოთხმხრივი (ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული, ჩრდილოეთ ოსური) ფორმატის შეცვლა – “ეს ბატონი ხაინდრავასა და ბატონი სააკაშვილის კომპეტენცია კი არა, არამედ ოთხივე მხარის კომპეტენციაა“.


კოკოითი, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესს “უნიკალურს“ უწოდებს, აცხადებს, რომ საქართველოს მიზანია განდევნოს რუსეთი ამიერკავკასიიდან.


“რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ბრალდებები [თბილისის მხრიდან] გამიზნულია იქითკენ, რომ მოხდეს რუსეთის ამიერკავკასიიდან განდევნა და ამ უნიკალური სამშვიდობო პროცესიის დისკრედიტაცია“, – აცხადებს კოკოითი.


კოკოითი მხარეებს შორის მოლაპარაკებებში არსებული ჩიხიდან გამოსავლად  კონფლიქტის დარეგულირების არსებული მექანიზმების გაძლიერებას მიიჩნევს, განხვავებით ქართული მხარისაგან, რომელიც შსკ–სა და სამშვიდობო ოპერაციის არაეფექტურობაზე საუბრობს.


“შსკ–ს როლის ამაღლება და არსებულ ფორმატში სამშვიდობო ოპერაციის გაგრძელება ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ სიტუაციის სამხედრო კონფრონტაციაში გადაზრდა არ მოხდეს“, – აცხადებს კოკოითი. 


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ არსებულ ფორმატში მოლაპარაკებები შეწყვეტილია 20 სექტემბერს ცხინვალში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში ჭურვების აფეთქებამ დაძაბულობა გაამწვავა.


სამხრეთ ოსეთის ლიდერი სააკაშვილის ხელისუფლებას “აგრესორს“ უწოდებს და დასავლეთს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)