ხაინდრავა კონფლიქტების მოგვარების თემაზე ქართულ–რუსული ურთიერთობებიდან “კარგს არაფერს“ ელის

სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააპროტეტსა 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება , რომელშიც ქართული მხარე 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის ინციდენტშია დადანაშაულებული.


“[საგარეო უწყების განცხადება] არ ასახავს იქ [ცხინვალის რეგიონში] არსებულ რეალურ მდგომარეობას, არამედ ჩემთვის ნიშანია, თუ რა გზით აპირებენ ჩვენთან ლაპარაკს [რუსები], რისი იმედი შეიძლება გვქონდეს და რა პერსპექტივა გააჩნია ამ [საქართველო-რუსეთის] ურთიერთობებს, კერძოდ კონფლიქტების თემასთან დაკავშირებით… კარგს არაფერს უნდა ველოდეთ“, – განაცხადა ხაინდრავამ. 


სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართულ–ოსური მოლაპარაკებების განახლების უპერსპექტივობაზე.  მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მოსალოდნელი “შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო“.


“პრაქტიკულად მოლაპარაკებები შეჩერებულია და პერსპექტივა იმისა, რომ შესაძლოა გაგრძელდეს, მაინცდამაინც, არ ჩანს. ის შეხვედრაც, რომელიც იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს და ედუარდ კოკოითს შორის პრაქტიკულად გადადებულია გაურკვეველი დროით… კარდინალურ ცვლილებებს ამ შეხვედრიდან არც ზურაბი [ნოღაიდელი] და არც მე არ ველოდით, მაგრამ გარკვეული წინსვლისა და საერთო ენის გამონახვის შანსი მაინც არსებობდა“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.


მისი განცხადებით, ქართულ მხარეს გააჩნია საბუთები, სადაც დასტურდება რუსეთიდან როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმ სამხედრო ტექნიკის შეყვანა, რისი დემონსტრირებაც  20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ აღლუმზე მოხდა. თუმცა მოსკოვში 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა უარყო რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის მილიტარიზაციის პროცესი.


“რა გზით და როგორ [შემოჰყავთ სამხედრო ტექნიკა], ამის შესახებ ჩვენ [ქართულ მხარეს] გაგვიცხადებია და ეს მასალები დავუდეთ ჩვენს რუს კოლეგებს. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია გაეცნოს ამ მასალებს“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.  


სახელმწიფო მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე ასევე ისაუბრა მოსკოვში 28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვალერი ლოშინინთან შეხვედრის შესახებ. 


“ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო მიმართული იქით, რომ გაგვერკვია, აპირებს თუ არა რუსეთი იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც თავის თავზე აქვს აღებული, კერძოდ იმ შეთანხმებების შესრულების გარანტისა, რომლებსაც ხელი ეწერება [ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით]… სამწუხაროდ იმ კითხვებს, რომელიც ჩვენ დავსვით, [ლოშინინის მხრიდან] აბსოლუტურად არაადექვატური პასუხები მოჰყვა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)