ცხინვალის განცხადებით, ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ოსმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს რუსლან მამიტოვი, რომელიც საქართველოს პოლიციის მიერ 2 ოქტომბერს კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ბერულაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იძებნება.
ამ განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თხოვნა ოსური მხარისადმი მამიტოვის გადმოცემის თაობაზე. ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ორი ეჭვმიტანილი ალექსანდრე იკაევი და იგორ ზასეევი, თუმცა მამიტოვმა გაქცევა მოახერხა.
“რუსლან მამიტოვმა თავი დამნაშავედ ცნო. მან თავისი ქმედების მოტივად დაასახელა ქართული პოლიციის უსაფუძვლო მცდელობა გაეჩხრიკა მისი მანქანა… სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო. ქართულ მხარეს შევთავაზეთ წარმოადგინოს მის ხელთ არსებული სამხილები. მამიტოვის ჩვენების თანახმად, ალექსანდრე იკაევს და იგორ ზასეევს, რომლებიც ამჟამად თბილისში პატიმრობაში იმყოფებიან, საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)