ფსოუ–ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის ექსპერტიზა 10 ოქტომბერს განახლდება

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 10 ოქტომბერს განახლდება ფსოუ–ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის, მათ შორის მდინარე ფსოუსა და ენგურის გადამკვეთი ხიდების, ინფრასტრუქტურის შეფასებითი სამუშაოები. მოსკოვში აცხადებენ, რომ ამ პროცესს რუს და აფხაზ სპეციალისტებთან ერთად ქართველი სპეციალისტებიც შეუერთდებიან. თუმცა თბილისში ამ ინფორმაციას ჯერ–ჯერობით არ ადასტურებენ.


რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის მიხეილ აკულოვის განცხადებით, სამუშაოები 16 ოქტომბრამდე გასტანს, რომელიც მიზნად იმ დოკუმენტის შექმნას ისახავს, სადაც შეფასებული იქნება 200 კმ–იანი სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მდგომარება და აღდგენითი სამუშაოების ფინანსური გათვლა.


“რუსმა და აფხაზმა სპეციალისტებმა, რომლებმაც რკინიგზის მდგომარეობა აგვისტო–სექტემბრის განმავლობაში შეისწავლეს, მოამზადეს წინასწარი შეფასების დოკუმენტი , რომელიც  ქართულ მხარეს გადაეცა“, – განაცხადა აკულოვმა.


აფხაზეთის გავლით საქართველო–რუსეთის სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ 15–16 ივნისს მოსკოვში გამართულ ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. თუმცა 10 აგვისტოს დაწყებულ ამ პროცესში ქართულ მხარეს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან აფხაზურმა მხარემ არ შეუშვა სამი ქართველი ექსპერტი, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)