სააკაშვილი ბალტიისპირეთის და სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობაზე საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შესაძლებელია “სამს პლიუს სამი“ ფორმატის ამუშავება. „ეს არის ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ლატვიის პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრეიბერგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
“ლატვია არის ევროპული ინტეგრაციის პროცესების მნიშვნელოვანი მონაწილე და ლიდერი მთელ რეგიონში“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თბილისში ჩატარდეს სამიტი, რათა “ხელი შევუწყოთ ევროპულ ინტეგრაციას და ამ ქვეყენების (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) დაახლოებას“.
“ასეთ კონტაქტებს პირდაპირი მნიშვნელობა აქვს, როგორც დემოკრატიის განმტკიცების, ასევე კონფლიქტების მოგვარების კუთხით… ჩვენ ვაპირებთ მომავალში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდნეტის თქმით, 12 აგვისტოს საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტის დროს “ბორჯომის დეკლარაციას“ მოეწერა ხელი, რის საფუძველზეც დეკემბერში იგეგემება უკრაინა, საქართველო, რუმინეთი, ლიტვა, ლატვიის პირველი პირების შეკრება და თანამშრომლობის საკითხების განხილვა.
This post is also available in: English (ინგლისური)