წყალდიდობებმა მთავრობას სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებისკენ უბიძგა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც 10 ოქტომბერს გვიან მთავრობის სხდომა მოიწვია, განაცხადა, რომ ხელისუფლება წყალდიდობით დაზარალებულ გურიაში მრავალმილიონიანი სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას გეგმავს.
გადაუღებელი წვიმების შედეგად გურიის, აჭარის და სამეგრელოს მხარეში წყალდიდობებსა და მეწყერს ჰქონდა ადგილი, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაინგრა გზები, ხიდები და მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.
“არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს საკვების გარეშე და მინდა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა [მიხეილ სვიმონიშვილმა] ეს გააკონტროლოს … მომდევნო სამ დღეში დამეწყრილი გზები უნდა გაიწმინდოს, რათა ამ სოფლების მოსახლეობას რაიონულ ცენტრებთან დაკავშირების საშუალება ჰქონდეს. ორი-სამი კვირის განმავლობაში ყველა ძირითადი ხიდი უნდა აღვადგინოთ [რომელიც წყალდიდობამ გაანადგურა]“, – განაცხადა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ამჟამად 55 ოჯახია დარჩენილი უსახლკაროდ. “არც ერთი ეს ოჯახი არ უნდა დარჩეს ღია ცის ქვეშ“, – დასძინა მან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გურიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად შექმნილი მთავარი პრობლემა სიღარიბეა.
“ჩვენ უნდა გვქონდეს მოკლე და გრძელვადიანი პროგრამები, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების ამუშავება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებისთვის … მსოფლიო ბანკთან ერთად, მომავალ წელს 10 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისათვის, რომ დასრულდეს ქაქუთი-ჩოხატაურის გზის მშენებლობა, რომელიც გურიას ჩაქვი-ბათუმის გვირაბთან დააკავშირებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, გურიის რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტებისთვის მთავრობა 22-27 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.
“რეგიონის გრძელვადიანი განვითარების საკითხი ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია. სიღარიბე და გაუსაძლისი ვითარების აღმოსაფხვრელად, რის გამოც, ყოველივე ამასთან დაკავშირებით ხალხი ძალზე მწვავედ რეაგირებს, სერიოზული პროგრამა უნდა შევიმუშავოთ“, – დასძინა სააკაშვილმა.
იგი ასევე მიესალმა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ოპერატიულ ქმედებებს, თუმცა დასძინა, რომ დეპარტამენტის შესაძლებლობები და რესურსები უნდა გაიზარდოს.
This post is also available in: English (ინგლისური)