პრეზიდენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი ზეგავლენის პარალელურად, ნავთობსადენს “პირველ რიგში უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა“ აქვს ქვეყნისათვის.


ამ კუთხით, მან ასევე გაუსვა ხაზი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მნიშვნელობას, რაც, სააკაშვილის თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის.


აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი  – “შაჰ-დენიზის პროექტი“ BP-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე ნავთობისა და გაზის განვითარების პროექტის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი.


“ეს ჩვენთვის ისტორიული დღეა … ეს რეგიონი აღარ არის ჩიხი, ეს რეგიონი ახლა მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას ახლა გააჩნია ალტერნატივა, ვარიანტები… ამგვარად, მეტი დამოუკიდებლობაც არის“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ამგვარად ეს პროექტები უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ნავთობი და მხოლოდ გაზი“, – დასძინა მან.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)